100 ახალი ავტობუსის შესაძენი ტენდერი ჩაიშალა - რატომ თქვეს კომპანიებმა 45 მლნ-ზე უარი

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი 100 ახალი ავტობუსის შესაძენი ტენდერის ჩაშლის შესახებ, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მესხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„100 ახალი ავტობუსის შესაძენი ტენდერი ჩაიშალა. ძალიან უცნაური ამბავია, რომ კომპანიებმა, რატომღაც უარი თქვეს 45 მილიონზე. რამდენიმე მიზეზის ერთობლიობას ვხედავ:

1. არაპროფესიონალიზმი - ავტობუსის შესარჩევად, ისეთი პარამეტრების თავმოყრა მოხდა, რომლის წარმოებაც არ ხდება (ან ხდება იშვიათად ან სპეციალური შეკვეთით);

2. არაკომპეტენტურობა - არ შეისწავლეს ბაზარი, რა ავტობუსების წარმოება ხდება მსოფლიოში?! ასევე ავტობუსების შემოტანის ვადები არარეალისტური იყო. არ მიეწოდათ ინფორმაცია ბრენდ კომპანიებს, რომ ჩართულიყვნენ პროცესში

3. გაუგებარი - ჩემთვის პირადად გაუგებარია რატომ ყიდულობდა მერია დიზელზე მომუშავე ავტობუსებს, როდესაც ნაკლებ ხარჯიანი და ეკოლოგიურად სუფთაა გაზზე მომუშავე ავტობუსები. როდესაც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში უარს ამბობენ დიზელზე, რატომ ვდგავთ ნაბიჯს უკან?!

4. ჩაშლილი ტენდერი - შეიძლება მერიისთვის გახდეს საფუძველი, რომ 100 ავტობუსი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შემოიყვანოს, რაც დადებით პროცესად ვერანაირად ვერ შეფასდება.

P.s და ბოლოს: ავტობუსები გვჭირდება? კი, გვჭირდება! ფული გვაქვს? კი, გვაქვს! ავტობუსი დეფიციტია და არ იშოვება? არა, არ არის დეფიციტი! აბა, რატომ ვერ ვყიდულობთ?,“-წერს მესხიშვილი.

დედაქალაქის მერიამ და შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ 100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი მიმდინარე თვეში გამოაცხადეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2018 წლის 25 დეკემბრამდე თბილისი ეტაპობრივად ასი, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველეყო. ტექნიკური პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა ყოფილიყო 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1700 კმ-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.ამასთან, ჯამში 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს უნდა ჰქონოდა მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი და მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. ასევე ავტობუსი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით.