თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებით ახალ რეკორდებს ამყარებს. იანვრიდან დღემდე ლირა 21%-ით გაუფასურდა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის 22 მაისის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 4,57 ლირა ღირს. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი ამ დროისთვის ერთი დოლარი 2,85 ლირად ივაჭრება.
თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მთლიან ექსპორტში მისი წილი 10,8%-ს შეადგენს, იმპორტში კი 15,7%-ს. საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა ირიცხება თურქეთიდან, კერძოდ, მთლიან ფულად გზავნილებში თურქეთის წილი დაახლოებით 8-10%-ა. შესაბამისად, თურქული ლირის ასეთი დევალვაცია საქართველოზეც აისახება და თანაც, არც ისე უმტკივნეულოდ. ეკონომისტების პროგნოზით, გაძვირდება ქართული ექსპორტი, რასაც მოთხოვნის შემცირება მოჰყვება, ასევე შემცირდება ფულადი გზავნილები. რაც შეეხება იმპორტს, სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს შიდა ბაზარი თურქული პროდუქციით კიდევ უფრო მეტად გაჯერდება.
„საქართველოში თურქულ იმპორტს ქართულ ექსპორტთან შედარებით ოთხმაგი უპირატესობა აქვს. ანუ რაც შემოდის, ყოველ ერთ დოლარ იმპორტზე 0,25 დოლარის ექსპორტი მოდის. ამ შემთხვევაში თურქული ლირის გაუფასურება კიდევ უფრო აძლიერებს თურქულ სავაჭრო ექსპანსიას საქართველოს შიდა ბაზარზე. ამის რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს“.
ამასთან, ლირის გაუფასურებამ წესით თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასი უნდა შეამციროს, თუმცა რამდენად გაიაფდება პროდუქტი, ეს თურქ ექსპორტიორებსა და შუამავალ კომპანიებზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ მათ დევალვაციით ხელი „მოითბონ“ და პროდუქტი არ გააიაფონ, ან უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ 5-7%-ით დაწიონ ფასები, ლირა კი 21%-ით არის გაუფასურებული. ანუ საბოლოო ჯამში, ფასების კლება ლირის დევალვაციის პირდაპირპროპორციული არ იქნება“, - განაცხადა არჩვაძემ.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც შეიძლება თურქული ლირის გაუფასურებას მოჰყვეს, ეს არის ქართული ექსპორტის გაძვირება, რაც თავისთავად ქართულ პროდუქტზე მოთხოვნას შეამცირებს. როგორც სოსო არჩვაძე აცხადებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ქვეყანა ყოველთვის ფიქრობდეს ექსპორტის დივერსიფიცირებასა და საფრთხეების მინიმიზაციაზე. „მართალია, ბოლომდე ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ პრობლემების მინიმიზაცია მაინც მოხდება“, - აღნიშნა არჩვაძემ.
როგორც “ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი მაკალათიამ განუმარტა, თურქეთში მიმდინარე პროცესები ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე გავლენას იქონიებს, თუმცა არა რადიკალურს.
„ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე გავლენა ექნება. შეიძლება რადიკალური არა, მაგრამ უარყოფითად აისახება. როდესაც ქვეყანასთან მყარი სავაჭრო ურთიერთობები გაქვს, ბუნებრივია, ასეც მოხდება. თურქეთში ძირითადად მძიმე მრეწველობისთვის გამოსაყენებელი პროდუქტები გაგვაქვს. შესაბამისად, თუკი თურქეთში ვალუტის დევალვაცია წარმოებას შეამცირებს, აღნიშნულ მასალებზე მოთხოვნაც შემცირდება და ჩვენგან ექსპორტზე ნაკლები პროდუქცია გავა. ქართველმა მწარმოებლებმა ესა თუ ის ნაწარმი ძვირად რომც გაიტანონ, ვერ გაყიდიან. თუ თურქეთში ფასების ზრდა მოხდებოდა და არა დევალვაცია, მაშინ ჩვენთვის ექსპორტზე გატანა მომგებიანი იქნებოდა, ამ შემთხვევაში კი პირიქით არის“, - აცხადებს მაკალათია.
ამასთან, ეკონომიკის ექსპერტის განმარტებით, თურქული ლირის გაუფასურებას უარყოფითი გავლენა ექნება აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობაზეც.
„ფულადი გზავნილების მიმართულებით თურქეთი მეექვსე პოზიციაზეა - თურქეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები მთლიანი გზავნილების 8%-ს შეადგენს.
„ფულად გზავნილებზე ლირის გაუფასურება უარყოფითად აისახება და გადმორიცხვები შემცირდება. მაგალითად, თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოაქალაქე დოლარს ძვირად იყიდის, შესაბამისად, სამშობლოში მცხოვრებ ოჯახის წევრებს ნაკლებ თანხას გადმოუგზავნის“.
- განმარტავს ირაკლი მაკალათია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში თურქეთიდან 443 798.1 ათასი დოლარის ოდენობის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა და მთლიან იმპორტში 15.7% შეადგინა. ამავე მონაცემების მიხედვით, 2016 წელს თურქეთიდან 1 353 606.7 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, ხოლო 2017 წელს - 1 374 644.4 ათასი.
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან თურქეთში 103 815.9 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტში 10.8%-ს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს თურქეთში 173 605.5 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო 2017 წელს - 216 567.1 ათასი დოლარის.
ელზა წიკლაური
თეონა კენჭიაშვილი