აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) გამოაცხადა, რომ 2020 წელს მარსისკენ ახალ მისიას გაგზავნის, რომელშიც სახმელეთო როვერის გარდა, კიდევ ერთი აპარატი შევა.
ამ აპარატის დანიშნულება, წითელი პლანეტის ატსმოსფეროს სიმკვრივის გამოკვლევაა.
მეცნიერებს აინტერესებთ, მარსის ატმოსფეროს აქვს თუ არა საკმარისი სიმკვრივე იმისთვის, რომ იქ ჰაერზე მძიმე მანქანების ფრენა იყოს შესაძლებელი. როვერსაც და მარტივ, ავტონომიურ საფრენ აპარატსაც, რომელსაც „მარს ჰელიკოპტერი“ ეწოდა, მარსისკენ მზიდი რაკეტა „ატლასV 541“ წაიღებს.
მართალია, NASA-მ საფრენი აპარატის შესახებ ახლახან გამოაცხადა, თუმცა რეაქტიული ამძრაობის ლაბორატორიაში (Jet Propulsion Laboratory) მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყეს. ეს არის მცირე ზომის მანქანა, რომელიც სულ რაღაც, 1.8 კილოგრამს იწონის. ის ორი როტორი-პროპელერით არის აღჭურვილი, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს. ბრუნთა რიცხვი კი წუთში 3 000-ს მიაღწევს.
ეს დაახლოებით ათჯერ მეტია ჩვეულებრივი ვერტმფრენების როტორების ბრუნვებზე. მეცნიერთა ვარაუდით, ეს საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ აპარატმა ჰაერში წონასწორობის შენარჩუნება შეძლოს. ცნობილია, რომ მარსის ატმოსფეროს სიმკვრივე, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს სიმკვრივის დაახლოებით 1 პროცენტია. დაახლოებით ასეთი სიმკვრივეა დედამიწის ზედაპირიდან 30 კილომეტრის სიმაღლეზეც.
„მარს ჰელიკოპტერის“ მართვა დისტანციურად, მართვის ცენტრიდან განხორციელდება. ფრენის ტესტები 30 დღეს გაგრძელდება. აპარატი ელექტრო ძრავით და ელემენტებით არის აღჭურვილი, რაც მას რამდენიმე ასეულ მეტრზე ფრენის საშუალებას მისცემს. ამასთან, ფრენის ხანგრძლივობა მხოლოდ 90 წამი იქნება. პირველი ფრენის დროს, ვერტმფრენი მხოლოდ 3 მეტრის სიმაღლეზე აფრენას ეცდება. და თუ ეს შეძლო, ჰაერში სულ რაღაც, 30 წამით დარჩება.
ფრენის ტესტების გარდა, „მარს ჰელიკოპტერის“ დანიშნულება ასევე არის გეოლოგიური კვლევა, გარემოს შესწავლა იმისთვის, რომ იქ სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო ნიშნების აღმოჩენა იყოს შესაძლებელი. აპარატმა ასევე უნდა აღმოაჩინოს ის ფაქტორები, რომლებსაც მომავალში განსახორციელებელი პილოტირებადი მისიებისთვის ხიფათის შექმნის პოტენციალი შეიძლება გააჩნდეს.