სკანდალში გახვეული Cambridge Analytica კოტრდება

კომპანიამ Cambridge Analytica, რომელიც სოციალური ქსელების მილიონობით მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვებაშია დადანაშაულებული, საკუთარი აქტივების გაყიდვა დაიწყო და ლონდონის ოფისის თანამშრომლებს პოზიციების დატოვების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ The Wall Street Journal კომპანიის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ თათბირი გამართა 40-მდე თანამშრომელთან და ინფორმაცია მიაწოდა, რომ იგეგმება კომპანიის ლიკვიდაცია. რაც შეეხება აქტივების გაყიდვას, კომპანია ამ თანხით ვალების დაფარვას გეგმავს. ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ მისმა მფლობელმა კომპანიამ SCL Elections-მა გაკოტრების პროცედურა წამოიწყო და ამ მიზნით ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასამართლოს მიმართა.

როგორც ცნობილია, Cambridge Analytica მხილებულია სოციალური ქსელის Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაში, რათა შეექმნა ამომრჩევლების პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ალგორითმი, რომელიც აადვილებდა კონკრეტული პირებისადმი პოლიტიკური სახის რეკლამის ჩვენებას, მათზე სამომავლოდ საარჩევნოდ ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

კოკა კვირკველია