სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა ევრო და სტერლინგი დაასუსტა

მას შემდეგ, რაც ევროპასა და ბრიტანეთში ეკონომიკის არადამაკმაყოფილებელი სტატისტიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა, ევროს და სტერლინგის კურსი ბოლო 5 თვის მინიმუმამდე დაეცა.

ამის საპირისპიროდ, ფედრეზერვის ჩანაწერების გამოქვეყნების წინ, ამერიკული დოლარის კურსი კვლავ გაიზარდა.

ევროს დასუსტება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ კერძო სექტორის ზრდის ტემპი, ბოლო 18 თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. ასევე შემცირდა ევრო ზონის სამრეწველო და მომსახურების სექტორების ჯამური მაჩვენებლის ინდექსი. წინა თვის 55.0-დან ინდექსის მაჩვენებელი 54.1-მდე შემცირდა.

ეს ყველაფერი კი იმის კიდევ ერთი მიზეზია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკის სტიმულირების შეწყვეტა და ევროზე განკვეთის აწევის პროცესის დაწყება გადადოს. ევრო-დოლარის წყვილის ფასი 0.48 პროცენტით შემცირდა და 1.1696 დოლარზე ჩამოვიდა, რის შემდგაც მცირე კორექციაზე გადავიდა.

რაც შეეხება ბრიტანეთს, იქ ინფლაციის ზრდის წლიური მაჩვენებელი 0.1 პროცენტით (2.4-მდე) შემცირდა, რაც საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ ინგლისის ბანკმა სტერლინგზე განაკვეთის აწევა ისევ გადადოს. ამას კი თავის მხრივ, დოლართან წყვილში სტერლინგის პოზიციების დათმობა მოჰყვა. ამჟამად 1 სტერლინგის ფასი 1.3322 დოლარია და ის კლებას აგრძელებს.

შედარებისთვის, დოლარის ინდექსი ბოლო ხუთი თვის მასიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ამერიკული ვალუტის სიმყარეს ის ფაქტი განაპირობებს, რომ სულ უფრო იზრდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპი.

სხვათა შორის, პრეზიდენტმა ტრამპმა წუხელ გამოაცხადა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირებას აპირებს, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპს გაზრდის. გარდა ამისა, ინვესტორები ფედრეზერვის ბოლო სხდომის ჩანაწერების გამოქვეყნებას ელიან, რომლებშიც ისინი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის ზრდის შესახებ მინიშნებებს დაკვირდებიან.

ამერიკული დოლარის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ სულ უფრო მატულობს სახაზინო გრძელვადიან ვალდებულებათა მომგებიანობა. ეს ყველაფერი კი ინვესტორებს აფიქრებინებს, რომ ფედრეზერვი წელს დოლარზე განაკვეთს კიდევ ორჯერ კი არა (როგორც დაგეგმილი აქვს), არამედ სამჯერ ასწევს.

ევროსთან და სტერლინგთან გამყარების მიუხედავად, დოლარის ინდექსის მკვეთრ ზრდას ის გარემოება აფერხებს, რომ ამერიკული ვალუტა იენთან წყვილში დასუსტდა. კერძოდ, 1 ამერიკული დოლარის ფასი ორშაბათის მაქსიმუმიდან (111.38 იენი) 109.54 იენამდე შემცირდა. იენის გამყარებას, მისი, როგორც რისკებისგან თავშესაფრის სტატუსი ამყარებს.