მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის დანერგვაზე მუშაობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის დანერგვაზე მუშაობს.

კალაძის განმარტებით, თუ ადამიანი მეტროთი მგზავრობისას იხდის, ეს გადახდა შესაძლოა გამოიყენოს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსით და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, დროის გარკვეულ მონაკვეთში.

რაც შეეხება მარშრუტების კორექტირებას, კალაძე არც ამას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა მგზავრებზე მორგებული იქნება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მერიისთვის რომელიც უკვე გაჟღერებულიც გვაქვს. კორექტირებას რაც შეეხება, ყოველთვის ხდება. ჩვენ EBRD-ის გრანტი რაც მივიღეთ, ამით კომპანია "სისტრას" დავუკვეთეთ კვლევა და ამ კვლევის შედეგად გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული და მგზავრებზე მორგებული გავხადოთ. ადამიანებს გავუჩინოთ სურვილი, რომ საკუთარი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდნენ. ამ გეგმაში შედის განახლებული ავტობუსები, მეტროს განახლებული ვაგონები, სწორი და მოწესრიგებული სამარშრუტო ხაზები, ერთმანეთის თანხვედრაში მოდიოდეს მეტროს ხაზებთან მიმართებაში, რომ შევქმნათ ერთიანი სისტემა, ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ და ეს მათთვის მისაღები და კომფორტული იყოს.

გადახდას რაც შეეხება, ვმუშაობთ გადახდის ერთიანი სისტემის დანერგვაზე. თუ მეტროში ჩადიხარ და იხდი, ეს შეიძლება გამოიყენო ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამაზე კომპანიებთანაც ვმუშაობთ და მგონია, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება",- განაცხადა კალაძემ.