კახა კალაძე: ბიზნესასოციაციის წევრები სხვადასხვა ლოკაციებზე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობისთვის მზად არიან

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისა და გამწვანების სამუშაოებში ჩაერთონ.

ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებისთვის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, „ეკოსერვის ჯგუფსა“ და ფონდ „ქართუს“ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ამ მიმართულებით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინ ვიმყოფებოდით რუსთაველის გამზირზე, სადაც გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ბიზნესის ჩართულობა გამწვანების სამუშაოებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თანხმობა და ინიციატივები ამ მიმართულებით არსებობს, რასაც მივესალმებით. მქონდა საუბარი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე, სკვერებში, პარკებში გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ, დაგვეხმარონ ფინანსურად, დაგვეხმარონ მწვანე ნერგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 550-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგვება და 1000 კვადრატულ მეტრზე ბალახი გამოიცვლება. ასევე, მოწესრიგდება სარწყავი სისტემა.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოების გარდა, მნიშვნელოვანია, ნარგავების მოვლა-პატრონობა და ამ მიმართულებით, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა შემუშავდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა ნარგავების მოვლა-პატრონობაა. აქამდე ეს ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით არ ხდებოდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სფეროს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ტიპს, მათ ჯერადობას, განხორციელების პერიოდსა და ვადებს. მომავალში, სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დედაქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურისა და არეალებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს - „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას“, რომლებიც დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, გადამზადებაში დაეხმარნენ.

„ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „გარდენიას“ - ზურაბ შევარდნაძეს. მარჯანიშვილის მოედანზე არსებული კუნძული სწორედ მისი დახმარებით გამწვანდა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები გამოთქვამენ სურვილს, ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ქალაქის გამწვანებაში, არსებულ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაში. მიხარია, რომ ერთად ვზრუნავთ ჩვენს დედაქალაქზე და მწვანე სივრცეების შექმნაზე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.