ქობულეთში ბულვარის რეაბილიტაცია იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა უკვე მიიღო.
პირობების თანახმად, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 371 450 ლარია.
ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოსაწყობად საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ფონდის დაკვეთით აწარმოებს ერთობლივი საწარმო შპს "ალიანსი" და შპს "აგრომშენსერვისი". შესაბამისი კონტრაქტის მიხედვით სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 7,944,250.00 ლარს და სამუშაოების დასრულების თარიღი - 2018 წლის 2 ივნისი. ამჟამად, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს საკმარისი ტემპით. მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ სამუშაოების წარმოებისას მოხდა არსებული სანაპირო ზოლის დემონტაჟი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისათვის იგი პრაქტიკულად გამოუყენებელი გახდა. გასამაგრებელი სანაპირო ზოლის მთელი სიგრძე 1900 მეტრს შეადგენს, საიდანაც დღესდღეობით მხოლოდ 250 მეტრის მონაკვეთი არის მოწყობილი. მოახლოებული ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარებულ რეჟიმში, 2018 წლის 15 ივნისამდე დასრულდეს ბულვარის, სულ მცირე, 700 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, აგრეთვე დანარჩენი 1200 მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა და მთლიანი მონაკვეთის გარე განათების ქსელის მონტაჟი. აღნიშნული გადაუდებელი ღონისძიებების მეშვეობით მოეწყობა ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლი იმ მინიმალურ ფართობზე, რაც ტურისტული სეზონის განმავლობაში ერთობ მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე დამსვენებელთათვის,“-აღნიშნული დოკუმენტაციაში.
აღსანიშნავია, რომ სამუსაოები 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა დასრულდეს.