„ღამის დისტრიბუცია ქალაქს ვერ განტვირთავს“ – დისტრიბუტორთა ასოციაცია მოლაპარაკებებში ფინანსთა სამინისტროს ჩართვას ითხოვს

„დარწმუნებული ვარ, რომ მერია ჩვენს პოზიციას გაითვალისწინებს და გარკვეულ კონსენსუსამდე მივალთ. ღამის საათებში დისტრიბუციის გადატანა ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო დიდი ზიანს მიაყენებს, ვიდრე ქალაქს განტვირთავს“

- ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია, დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებას. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ის რეჟიმი, რასაც მერია სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შესთავაზებს, იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და მათ მინიმუმ 12 საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერად არჩევის პირველივე დღეებიდან გამოვიდა ინიციატივით, რომ დისტრიბუციის ავტომანქანებს ღამის საათებში ემოძრავათ. როგორც ის განმარტავდა, დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილი მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიან.

„სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, 20.00 საათიდან დილის 7 საათამდე”, - აცხადებდა კახა კალაძე. თუმცა, სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ სადისტრიბუციო მანქანები საცობს არ ქმნიან. ფიზიკურად არ არის იმდენი მანქანა, რომ საცობი შექმნან. რაც მთავარია, სადისტრიბუციო მანქანების 80% პიკის საათებში არ მოძრაობს. დარწმუნებული ვარ, რომ მერია ჩვენს პოზიციას გაითვალისწინებს და გარკვეულ კონსენსუსამდე მივალთ. იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც კონკრეტული მოსაზრება, რომ გინდა თუ არა, დისტრიბუცია ღამის საათებში უნდა გადავიდეს. ღამის საათებში დისტრიბუციის გადატანა ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო დიდი ზიანს მიაყენებს, ვიდრე ქალაქს განტვირთავს.

„ჩვენ მერიასთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ, მაგრამ აქ აუცილებლად ფინანსთა სამინისტროც უნდა იყოს ჩართული“,-აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც ღამის დისტრიბუცია გამოიწვევს. მისი თქმით, ღამის საათებში ვერ მოხერხდება საცალო სავაჭრო ობიექტების მომარაგება, რაც მათ დახურვამდე მივა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ასეთი ობიექტები დისტრიბუტორების ფულსაც „გაიყოლებენ“.

ამასთან, ივა ჭყონიას აზრით, ღამის დისტრიბუცია ქვეყნის წინაში უმუშევრობასაც გაზრდის, რადგან პატარა ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები იძულებულნი იქნებიან თავის სარჩენად სხვა გზა მოძებნონ, მათ შორის, ემიგრაციაში წავიდნენ.

„ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ, უბრალოდ მოლაპარაკების პროცესში ვართ. დისტრიბუციაზე მეტად, პრობლემების შეექმნება საცალო სავაჭრო ობიექტებს. ღამის საათებში მას ვერავინ მიაწვდის პროდუციას და იძულებული იქნება დაიხუროს. შესაბამისად, ვერც ჩვენ გადაგვიხდის თანხას. მე ვფიქრობ, ღამის დისტრიბუციაზე გადასვლა ჩვენი ქალაქისთვის მაინც ნაადრევია, სანამ გარკვეული ლოგისტიკური ცენტრები არ შეიქმნება. ძალიან ბევრი ნიუნსია, რის გამოც ღამის დისტრიბუცაზე გადასვლა ქვეყნის ეკონომიკას შეაფრეხებს. 5000 სავაჭრო ობიექტი დაკეტვის საფრთხის წინაშე რომ დადაგება, მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება“,-აცხადებს ივა ჭყონია.

ნინი ქეთელაური