ერთ წელზე მეტია, რაც ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის შეტანა დაშვებულია.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ ხვდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამის მიზეზად დაბალ ხარისხსა და პროდუქციის არასაკმარის რაოდენობას ასახელებენ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, ქართველი მეფუტკრეები ევროპაში არსებულ რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებენ.
„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მეფუტკრეები დღეს არ არიან მზად, აწარმოონ იმ ხარისხის თაფლი, რომელიც ევროპისთვის მისაღები იქნება. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. ევროპაში დაშვებულია ქართული თაფლი, მაგრამ რეალობა არის ის რომ, სამწუხაროდ, ასე თავისუფლად ვერ შედის ბაზარზე. ამასთან, ერთგვაროვანი თაფლის მიღება საკმაოდ რთულია. ერთი მეფუტკრე აწარმოებს ხარისხიან თაფლს, მეორე კი ვერა. საკმარის მასას ვერ ვაგროვებთ. გადაჭრის გზა არის კოოპერატივში გაერთიანება, მაგრამ საკითხი მაინც ინდივიდუალურ დონეზე უნდა მოწესრიგდეს.“-აღნიშნა იური ნოზაძემ.
მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელი და კომპანია „ბრეტის“ დამფუძნებელი გიორგი კეპაშვილი აცხადებს, რომ ქართული თაფლი ვროპის ბაზარზე მინიმუმ სამი წელი მაინც ვერ მოხვდება.
„ევროპა უნდა დავივიწყოთ მინიმუმ სამი წელი. ქვეყანაში არ არსებობს ისეთი ლაბორატორია, რომელიც თაფლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას გამოიკვლევს და ექნება საერთაშორისო აღიარება. დღეს ჩვენ ვართ მესამე ქვეყანათა სიაში, მაგრამ ამან ბაზარზე აბსოლუტურად ვერაფერი ვერ შეცვალა. ფაქტია, ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, რომ თაფლი გაიტანოს ექსპორტზე.“-აღნიშნა კეპაშვილმა.
კიორგი კეპაშვილის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მეფუტკრეთა ცოდნის დონეა.
„მეფუტკრეები რჩებიან ისევ მოყვარულთა რიგებში. დიდი უმრავლესობა ასეა. სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ დარგის განვითარება ან დამატებითი ინვესტიციის ჩადება წარმოებაში. ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას მე ეჭვის ქვეშ დავაყენებდი. ზოგადად, თაფლის წარმოებაც კატასტროფულადაა შემცირებული. ამ ფონზე კი პროდუქციის დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია.“-აცხადებს კეპაშვილი.
შპს „ მეთაფლიას“ დირექტორი ამბობს, რომ საქართველო თაფლის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს კრიტერიუმი კი ნებისმიერი ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა ოთარ ზირაქიშვილის თქმით, საქართველოში თაფლი ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ ძვირია და მისი საექსპორტო ფასი ევროპაში ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება.
„საქართველოში საშუალო ფასი 15-30 ლარია. ევროპაში კი თაფლის დიდი ნაწილი ჩინეთიდან შედის. ჩინური თაფლის ფასი ძალიან დაბალია, მაგრამ მერწმუნეთ ხარისხიან ქართულ თაფლს ვერ შეედრება. თუმცა აქაც პრობლემაა, რადგან საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მეფუტკრების დიდმა ნაწილმა არ იცის, როდის შეიძლება ანტიბიოტიკების მიცემა ფუტკრისთვის და როდის არის კატეგორიულად დაუშვებელი. შემდეგ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ანალიზშიც ჩანს. სტანდარტების დაცვა ზოგიერთი მეფუტკრის ინტერესში არ არის, რადგან მწარმოებლები ფიქრობენ, რომ გაუყიდავი პროდუქტი მაინც არ რჩებათ.“-ამბობს ოთარ ზირაქიშვილი.
შპს „მეთაფლიას“ დირექტორის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა უწყვეტი წარმოებაა.
„იმისთვის, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში შევიტანოთ თაფლი, საჭიროა გაფორმდეს ხელშეკრულება და დავიცვათ უწყვეტი მიწოდების რეჟიმი. ეს კი თითქმის შეუძლებელია ჩვენს პირობებში, როცა თაფლი ადგილობრივი ბაზრისთვისაც კი წლიდან წლამდე ძლივს გვყოფნის.“ -ამბობს ზირაქიშვილი.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტზე გასული თაფლის რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირდება. კერძოდ, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე - 73,1 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 21, 2 ათასი დოლარი იყო, 2017 წელს კი მხოლოდ 15, 8 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ქრისტინე გამთენაძე