საფრთხე, რომლითაც მოძრაობთ - რა ღირს თქვენი უსაფრთხოება?

საბურავი ერთადერთი დეტალია ავტომობილში, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რაც ჩვენ უსაფრთხოებას ეხება ავტომობილით მოძრაობისას.

საქართველოში მეორადი საბურავების წილი ბაზარზე 70%-ს აჭარბებს, რაც მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული. ერთი შეხედვით მეორადი საბურავების შეძენა მომხარებლისათვის დაკავშირებულია თანხის დაზოგვასთან მისი იაფი ფასიდან გამომდინარე, თუმცა მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ რამდენად გონივრულია ჩვენი გადაწყვეტილება და დავფიქრდეთ, ღირს მეორადი საბურავების შეძენით დაზოგილი თანხა ჩვენ უსაფრთხოებად? სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რადგან ამ არაგონივრულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.

ვინაიდან მომხმარებელს არ აქვს სრული ინფორმაცია საბურავის ისტორიის შესახებ და არჩევანს მხოლოდ საბურავის პროტექტორის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აკეთებს, ეს კი რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ხშირად უწევს მათი შეცვლა ვინაიდან მეორადი საბურავების განმეორებით ექსპლოატაციის ვადა საკმაოდ მცირეა, რაც მათთვის ხარჯს აორმაგებს. თუ ახალი საბურავი 6 წლის მანძილზე შეგვიძლია გამოვიყენოთ, მეორადი საბურავის მაქსიმალური საექსპლუატაციო პერიოდი ხშირ შემთხვევაში რამოდენიმე თვეა.

მეორადი საბურავი გარედან შეიძლება მართლაც ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, რისკი კი შიგნიდან მოდის! მთავარი საშიშროება ის არის, რომ არასდროს ვიცით, რის გადატანა მოუხდათ ამ საბურავებს, სანამ ჩვენამდე მიაღწევდნენ. თუ წინა მფლობელი მანქანას ისე აპარკინგებდა, რომ საბურავებს ბორდიურზე მიჭყლეტილს ტოვებდა, ან დაშვებული საბურავით დადიოდა, საბურავის შიდა კარკასი დაზიანებული იქნება, რისი შემჩნევაც ვიზუალური დათვალიერებისას შეუმჩნეველია. გარედან ხომ მხოლოდ პროტექტორის და ასაკის შემოწმება შეიძლება. პროტექტორი მინიმუმ 4-მილიმეტრიანი უნდა იყოს, ასაკს კი ე.წ. DOT-ნომერით გაიგებთ (მაგალითად, DOT 1213 ნიშნავს, რომ საბურავი 2013 წლის მე-12 კვირას გამოუშვეს). საბურავის ასაკი 6 წელს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან რეზინა 6 წლის შემდეგ საჭირო თვისებას კარგავს.

საბურავების წვის შედეგად გამოიყოფა ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც კარცეროგენულია და ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. დამარხვის შემთხვევაში კი საბურავი ბიოლოგიურად ძნელად იშლება ნიადაგში და ეს ძალიან საზიანოა გარემოსთვის. საბურავების სწორი განადგურების ერთადერთი გზა მათი შეგროვება და გადამუშავებაა. თუმცა ესეც საკმაოდ საყურადღებო საკითხია, გადამუშავების პროცესი აუცილებლად უნდა კონტროლირდებოდეს და დაცული უნდა იქნა უტილიზაციის სტანდარტები, რათა საწარმოო ნარჩენი ისევ ბუნებაში არ მოხვდეს.

როდესაც მეორად საბურავებზე ვსაუბრობთ, რამდენიმე ვარიანტი უნდა განვიხილოთ იმისათვის რომ გავაანალიზოთ თუ რა შემთხვევებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს მეორადი საბურავების შეძენამ და გამოყენებამ.

დღეს ყველაზე ხშირად მეორად საბურავებში გვხდება ვადაგასული საბურავები, ხელოვნურად ამოჭრილი პროტექტორი და ზომაზე დასული, ან უფრო დაბალი პროტექტორით. ვიდრე თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალაკე განვიხილავთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საბურავების მწარმოებლები წარმოებაში იყენებენ ბუნებრივ კაუჩუკს. ბუნებრივი კაუჩუკის ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ საბურავების გამოშვების პერიოდზე გამომდინარე იქიდან რომ ბუნებრივ კაუჩუკს აქვს ვარგისიანობის განსაზღრული პერიოდი. როდესაც ვარგისიანობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს, ამ შემთხვევაში კაუჩუკი ნელ-ნელა იწყებს თვისებების დაკარგვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საბურავის სწრაფი ცვეთა, საბურავის დეფორმაცია, გახეთქვა და ა.შ. განსაკუთრებით ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს სიარულისას.

შესაბამისად, რომ განვიხილოთ თითოეული ზემოთ ნახსენები ფაქტორი გამოვა, რომ, შეიძლება მეორად საბურავს ვიზუალურად კარგი პროტექტორი ქონდეს თუმცა გასული იყოს მისი გამოყენების ვადა, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივ კაუჩუკს თავისი თვისებები უკვე დაკარგული აქვს რაც ავტომატურად ნიშნავს რომ ამ საბურავით გადაადგილება დიდ საფრთხესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ფატალურადაც დასრულდეს.

მეორე შემთხვევა - მეორადი საბურავები ხელოვნურად ამოჭრილი პროტექტორებით. საბურავის პროტექტორი ვიზუალური დათვალიერებისას შესაძლებელია კარგად გამოიყურებოდეს მაგრამ ეს მიღწეული იყოს საბურავის გათხელების ე.წ. ახალი პროტექტორების ამოჭრის ხარჯზე, თუმცა უნდა დავაკვირდეთ იმ სპეციალურ ადგილებს რომელიც ყველა საბურავზეა დატანილი, თუ საბურავს პროტექტორი ხელოვნურად აქვს ამოჭრის შედეგად გაზრდილი, აღნიშნული მაჩვენებლებიც ამოჭრილი იქნება და ადვილად მივხვდებით რომ საბურავი არ უნდა ვიყიდოთ.

მესამე შემთხვევა - დადაბლებული პროტექტორი, საბურავის პროტექტორი მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, იგი უზრუნველყოფს მოჭიდებას ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის თუ როგორ გამოდევნის საბურავი წყლის ნაკადს სიარულის დროს. ყველა საბურავზე დატანილია პროტექტორის ჭრილები იმისათვის რომ სველ გზაზე, ან წყალში გავლისას გამოდევნოს წყალი და უზრუნველყოს მაქსიმალური მოჭირდება, ამ შემთხვევაში საბურავის პროტექტორი რაც უფრო მაღალია ის უფრო კარგად გამოდევნის წყალს და რაც უფრო დაბალია პირიქით. აღნიშნული ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია რადგანაც მისმა უგულველყოფამ შესაძლებელია სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

მეოთხე შემთხვევა - ვადაგასული საბურავი დაბალი პროტექტორით, არის ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე მძიმე შემთხვევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში საბურავი ვერ უზრუნველყოფს ზემოთ ნახსენები შემთხვევებიდან ვერცერთს. ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მოჭიდება, მდგრადობას და დიდი შანსია გახეთქვისა და დაზიანების.

მეორადი საბურავების შეძენისას ასევე მეტად მნიშვნელოვანია, მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სად და რა კლიმატურ პირობებში იმყოფებოდა. საბურავების შენახვა დაუშვებელია როგორც მაღალ ტემპერატურაზე ასევე ნესტის პირობებში. მაღალი ტემპერატურა იწვევს რეზინის გამოშრობას და მასალა კარგავს მდგრადობას, იშაშხება და შესაძლებელია მცირე ზეწოლამაც გამოიწვიოს მისი დაზიანება. ასევე ნესტიან გარემოში რეზინი იჟღინთება წყლით ზედმეტად რბილდება და კარგავს თვისებებს, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხო გადაადგილებას.

გარდა მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხოებისა, მეორადი საბურავები დიდ ზიანს აყენებს გარემოს. დღეს საქართველოში მილიონობით მეორადი საბურავია, რომელებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან უტილიზაციის მიზნით გადის და ხვდება ჩვენს ქვეყანაში, უხეშად რომ ვთქვათ საქართველო მეორადი საბურავების ნაგავსაყრელად არის ქცეული. დღეს ჩვენ ქვეყანაში მეორადი საბურავები იყრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღდგენა შეუძლებელია. ასეთი საბურავების განადგურების სამი მიმართულებაა, ან უბრალოდ იყრება, იმარხება, ან კიდევ უარესი იწვება. და ბოლოს, ვსვამთ მხოლოდ ერთ კითხვას რა ღირს თქვენი უსაფრთხოება?