ფედრეზერვის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დოლარის კურსი შემცირდა

ფედერალური რეზერვის მიერ, თავისი ბოლო სხდომის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, დოლარმა აღმასვლა შეაჩერა და კორექტირების ფაზაში გადავიდა.

გარდა ამისა, ამერიკულ ვალუტაზე უარყოფითად იმ გარემოებამაც იმოქმედა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების გაზრდით დაიმუქრა.

იმავდროულად, სუსტი პოზიცია უკავია ევროს, რომელზეც ევრო ზონის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება და იტალიაში მოსალოდნელი პოლიტიკური რისკები უარყოფითად მოქმედებს. ამან ევროპული ვალუტა ამერიკულთან წყვილში, ბოლო ექვსი თვის მინიმალურ ნიშნულამდე დასწია.

საერთო ჯამში, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 93.865-მდე შემცირდა. არადა, ფედრეზერვის მიერ საკუთარი ჩანაწერების გამოქვეყნებამდე, ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმზე (94.195) იყო ასული.

მართალია, ბაზარი დოლარზე განაკვეთის აწევას, ფედრეზერვის ივნისის სხდომაზე მოელის, მაგრამ ანალიტიკოსთა საერთო შეფასებით, მაისის სხდომის ჩანაწერებს განსხვავებულად აფასებს. მასში ლაპარაკია იმაზე, რომ ფედრეზერვი ხელს არ შეუშლის ინფლაციის მიზნობრვ დონეზე მეტად ზრდას, თუ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი ინფლაციის დაწევას, დოლარზე განაკვეთის აწევის გზით არ ეცდება.

გარდა ამისა, როგორც ჩანაწერებში ჩანს, ფედრეზერვის წევრებს არაფერი აქვთ იმის საწინააღმდეგო, რომ განაკვეთის ზრდა არა 0.25 (როგორც ხდება ხოლმე), არამედ 0.20 პროცენტით მოხდეს. ანუ, განაკვეთის ზრდის პროცესი ასე თუ ისე, შენელდება. სწორედ ესაა ის ძირითადი გარემოება, რომლის გამოც, ჩანაწერები ასე შეფასდა. ამან კი დოლარის კურსი ოდნავ შეასუსტა.

იაპონურ იენთან წყვილში, დოლარი დაახლოებით 0.6 პროცენტით დასუსტდა, რის შემდეგაც, 1 დოლარი 109.61 იენი ღირს. იენის გარდა, რისკებისგან თავშესაფარმა კიდევ ერთმა ვალუტამ - შვეიცარიულმა ფრანკმა დოლართან 0.2 პროცენტი მოიგო, რის შემდეგაც 1 დოლარის ფასი 0.9943 ფრანკი გახდა.

დოლართან ოდნავ გამყარდა ევროც. ამ წყვილის ფასი ოთხშაბათს ბოლო ექვსი თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე (1.1676 დოლარი) ჩამოვიდა, ფედრეზერვის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ კი 1.1705 დოლარამდე გაიზარდა, ამჟამად კი 1.1729-ს სიახლოვეს დრეიფობს. გამოცოცხლება ბრიტანულ სტერლინგსაც დაეტყო, რომელიც 1.3303-დან 1.3421-მდე გაიზარდა, ამჟამად კი 1.3389-ს სიახლოვესაა.