თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურება გრძელდება და მათ უკვე ქართულმა ლარმაც აუბა მხარი.
გამორიცხული არ არის, რამდენიმე კვირაში კურსი 2,55-ის ნიშნულამდე დაეცეს. ამჟამინდელი კურსი 10 ივნისამდე შენარჩუნდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფინანსისტები ამბობენ, რომ ბანკები თავაშვებულ ვაჭრობას აგრძელებენ და ამით ლარის კიდევ უფრო დასუსტებას უწყობენ ხელს.
რეგიონული ვალუტებიც პოზიციას თმობენ. კერძოდ, თურქული ლირა, მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, დოლარის მიმართ 2,80-დან 4,80-მდე დაეცა და ამჟამადაც 4,70-ის ფარგლებში ტრიალებს. საკმაოდ მერყეობს რუსული რუბლიც, რომელიც ამერიკულ ვალუტასთან შეფარდებით 63-ის ნიშნულზე ძლივს იკავებს თავს. სავაჭრო ურთიერთობით ამ ქვეყნებთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, რამაც შეიძლება საფრთხე ლარსაც შეუქმნას.
ქართული ვალუტა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა გუშინ მოულოდნელად 2,49-ზე ავარდა. "ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ რეგიონული ვალუტების გაუფასურება ლარზე უარყოფითად იმოქმედებს და გარკვეული საშიშროება ქართულ ვალუტასაც ემუქრება.
"დაახლოებით 1 თვის წინათ ჩვენ ანალიზის საფუძველზე გამოვთქვით პროგნოზი, რომ მაისის ბოლოს ლარი დასუსტდებოდა. ამ პერიოდში ველოდით ნავთობის ფასის მატებას, ოქროს ფასიც ჩამოიწევდა 1285 დოლარის ნიშნულამდე და ეს ყველაფერი გამართლდა. რასაკვირველია, ამას მოჰყვებოდა რეგიონული ვალუტების დასუსტებაც, მათ შორის ქართული ლარის ცოტათი გაუფასურება. ამას აქვს თავისი მიზეზი, რადგან ფულადი მასა იზრდება ქვეყანაში, ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და უცხოური ვალუტის დიდი ნაწილი გადის უცხოეთში.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთში, მიუხედავად ნავთობის გაძვირებისა, რუბლი ეცემა. მისი გამყარება დაიწყება მაშინ, როცა აშშ-ში შემოსავლიანობა 10-წლიან ობაციებზე ჩამოვა 10%-ზე დაბლა. შესაბამისად, რუსეთი დოლარში ვაჭრობას საერთოდ კრძალავს ან ზღუდავს. ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხის 65% უჭირავს რუსულ ბაზარს, ხოლო იქიდან ფულის შემოდინება დღეს, პრაქტიკულად, შეჩერებულია," - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე თითქმის ყველა განვითარებადი ქვეყნის ვალუტა შესუსტებულია – რუბლი, გრივნა, ლირა, რუპია და ა. შ.
"უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ველოდებით, რომ ლარის კორექცია ისევ მოხდება, ცოტათი გამყარდება კურსი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას ელოდება დევალვაცია. ჯერჯერობით განვიხილავთ 2,55M-იან ნიშნულს. შემდგომ დავაკვირდებით მოვლენებს. ივნისის 10 რიცხვამდე კურსი 2,50-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ჩვენ ამაზე 1 თვის წინ ვისაუბრეთ.
სამწუხაროდ, ბანკები თავაშვებულ ვაჭრობას გააგრძელებენ და ამით ეროვნული ვალუტის შესუსტებას კიდევ უფრო უწყობენ ხელს. წამყვანი ბანკების მხრიდან ეს მოსალოდნელია, ცხადია, რომ სიტუაციით ამჯერადაც ისარგებლებენ. ბანკები ასე რომ არ იქცეოდნენ, დღეს მოსახლეობაც უკეთ იცხოვრებდა, ბიზნესიც უფრო კონკურენტუნარიანი გახდებოდა და აბსოლუტურად სხვა რეალობა გვექნებოდა. ამდენად, ლარის გაუფასურებას ველოდები, ეს პროცესი გარდაუვალია", - აცხადებს ნიკა შენგელია.
ფინანსისტების პროგნოზით, ლარის გაუფასურება ეჭვს არ იწვევს, თუმცა, საგარეო ფაქტორთან ერთად, გავლენას ამ მხრივ შიდა ფაქტორიც ახდენს. ასეთი კი, როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტ ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, ეროვნული ბანკის რეგულაციებია, რაც ცუდად აისახება როგორც ლარის კურსზე, ასევე შემოსავლებსა და უმუშევრობის მაჩვენებელზე, სადაც გაუარესების ტენდენცია შესამჩნევია.
"რეგიონული ვალუტები სავაჭრო ურთიერთობაში ნაკლებად მონაწილეობს. სავაჭრო კონტრაქტები ყველგან იდება დოლარსა და ევროში. რაც შეეხება უშუალოდ ფულად გზავნილებს, ამ კუთხით ნეგატიური გავლენა ნამდვილად მოსალოდნელია. თურქეთსა და რუსეთში ემიგრანტები ანაზღაურებას ადგილობრივ ვალუტაში – რუბლსა და ლირაში იღებენ, ამით ყიდულობენ დოლარს და აგზავნიან. აქედან გამომდინარე, რეგიონული ვალუტების შესუსტება ლარზეც იქონიებს გავლენას.
სხვა მხრივ საფრთხე არ გველოდება, ზაფხულის პერიოდში ტურისტული ნაკადი საკმაოდ აქტიურია. ერთი შეხედვით, საგანგაშო არაფერია, თუმცა სავალუტო ბაზარი ძალიან მერყევია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება სავალუტო კურსი შეტრიალდეს, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ყურადღება უნდა მივქაციოთ შიდა ეკონომიკურ მდგომარეობას, რამდენადაც ეროვნული ბანკის ბოლო რეგულაციამ (რომლებიც ეხებოდა ბანკების მიერ სესხების შეზღუდვას შემოსავლის დადასტურების გარეშე) საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინა საცალო სავაჭრო სეგმენტზე. ამან ცოტა ხანში შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი გავლენა როგორც საქონლის რეალიზაციის კუთხით, ასევე უმუშევრობის ზრდასთან მიმართებითაც. კომპანიებს შემოსავლის შემცირების კვალობაზე პერსონალის გათავისუფლება მოუწევთ.
ვფიქრობ, ამ ყველაფერს ცხოვრების დონის გაუარესება მოჰყვება. ასეთი ცალმხრივი ქმედებები სებ-ის მხრიდან ნეგატიურ შედეგს მოიტანს, რაც სავალუტო კურსზეც იქონიებს გავლენას. ჩვენ უფრო მეტად შიდა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვიდრე საგარეოს. იგი, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს ჩვენთვის", - განუცხადა "რეზონანსს" ვახტანგ ხომიზურაშვილმა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეგიონული ვალუტების გაუფასურების ტენდენცია იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს და სამომხმარებლო ბაზარზე უარყოფითად აისახება. ექსპერტი ირაკლი მაკალათია ფიქრობს, რომ მომდევნო თვეებში კურსი უფრო დაბლა წავა, რაც სეზონური ცვლილებით იქნება გამოწვეული.
"იმ ქვეყნებში, რომლებთანაც მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, ეროვნული ვალუტები მკვეთრად უფასურდება. ეს პროცესი გარკვეულ გავლენას საქართველოსა და ლარის კურსზეც მოახდენს. ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში მას 75% უჭირავს. თურქეთი პირველ ადგილზეა, ლირის გაუფასურების გამო პროდუქტი იქაც გაძვირდება და საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე გავლენას მოახდენს.
იმის გათვალისწინებით, რომ ფულად გზავნილებში თურქეთს 8% უჭირავს, ცხადია, ვითარება ამ მხრივაც გაუფასურდება. ჩვენი ემიგრანტები ვეღარ მოახერხებენ ძველებურად თანხის გადმორიცხვას. ერთი სიტყვით, რეგიონული არასტაბილურობა მეტ-ნაკლებად პრობლემას შეგვიქმნის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაკალათიამ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"