ენგურჰესის ავარიულად გამორთვის მომენტიდან ამ დრომდე, საქართველოში 2 006 718 კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, იმპორტი ხორციელდება რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, „ენგურჰესი“ კვლავ გაჩერებულია და მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.
„სისტემას ენგურჰესიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამჟამად ქვეყნის ენერგომომარაგება ხდება ჰიდრო და თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიითა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე’’, – აცხადებენ ელექტროსისტემაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარება დღე-ღამეში საშუალოდ 33 მლნ კვტსთ-ია.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, გუშინ, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო „ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
რაც შეეხება ჰესზე არსებულ სიტუაციას, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ენგურჰესის" გენერალური დირექტორი ლევან მებონია აცხადებს, მდგომარეობა საგანგაშო არ არის და პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს დღეებში მოხდება.
„მდგომარეობა კატასტროფულად საგანგაშო არ არის და დაზიანებული ადგილის აღდგენა სავარაუდოდ, 2 დღეში მოხდება“, - განაცხადა მებონიამ.