„არემჯის“ მხადაჭერით ანსამბლი „მართვე“ სოლო კონცერტს გამართავს

ქორეოგრაფიული ანსამბლი „მართვე“ სოლო კონცერტისთვის ემზადება.

როგორც კომპანია „არემჯიდან“ იუწყებიან, 30 მაისს, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სცენაზე ანსამბლი „მართვე“ მაყურებლის წინაშე 14 ცეკვით წარსდგება.

მათივე ინფორმაციით, კონცერტი კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით იმართება, რომელიც ანსამბლს და მის ცეკვის შემსწავლელ სტუდიებს 3 წელია აფინანსებს.

„36 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„არემჯი“ 2015 წლიდან აფინანსებს ანსამბლს. სპონსორის დამსახურებაა, რომ ჩვენი ცეკვის შემსწავლელი სტუდიის ბავშვები არ იხდიან ყოველთვიურ გადასახადს. მაისის ბოლოს გვსურს საანგარიშო კონცერტი გავმართოთ დაბა კაზრეთში, რომ ყველამ ნახოს ჩვენი ანსამბლის მიღწევები“, - განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა მარი ტატიშვილმა.

ანსამბლის მიერ კონცერტის გამართვას მიესალმება „არემჯის“ დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი.

„მართვეს“ ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი ჯამში რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის დახმარებით ეს ბავშვები რეგიონში აქტიურ კულტურულ ცხოვრებას უწევენ პოპულარიზაციას. ჩვენის მხრივ, მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ყველა იმ საინტერესო წამოწყებას და პროექტს, რომელიც ამ რეგიონის ახალგაზრდების ნიჭის და პოტენციალის წარმოჩენას შეუწყობს ხელს“, - განცხადა ქართველიშვილმა.