პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა „აუდიმ“ გამოაცხადა, რომ 2025 წლისთვის 800 ათასი ელექტრომობილის და ჰიბრიდის გაყიდვას გეგმავს.
ამ გეგმის შესასრულებლად, გერმანული კომპანია იმავე პერიოდში 20-ზე მეტი ელექტრიფიცირებული ავტომობილის გამოშვებას აპირებს.
ამ მიზნის მიღწევაში, მას „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში ყოფნა დაეხმარება, რომლისგანაც საჭირო პლატფორმებს (მოდულურ MEB-ს და მის ვარიაციებს) და ტექნოლოგიებს გაიზიარებს. მათ შემუშავებაში მონაწილეობას თავად „აუდის“ გარდა, კომპანია „პორშეც“ მონაწილეობს, რომელიც ასევე ჯგუფის წევრია.
„აუდი“ ასევე აცხადებს, რომ მისი ყველა ელექტრიფიცირებული ავტომობილის მოგების მარჟა, კომპანიის მიზნობრივ 8-10-პროცენტიან ზღვარში მოექცევა. იმავდროულად, გერმანული კომპანია ჯერ არ ამხელს, ამ ავტომობილებიდან რამდენი იქნება სრულად ელექტრული და რამდენი - ჰიბრიდული. ცნობისათვის, ინგოლშტადტელებმა შარშან სულ რაღაც 16 000 ნახევრად ელექტრული მოდელი გაჰყიდეს. ამჟამად მათს გამაში ელექტრომობილი ჯერაც არ ფიგურირებს. კომპანია მხოლოდ სამ პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდელს აწარმოებს.
მაგრამ მალე ეს შეიცვლება - „აუდი“ აგვისტოში ბაზარზე თავის პირველ ელექტრომობილს, უგზოობის „e-ტრონს“ წარადგენს. ელექტრიფიცირებული მოდელების წარმოების დასაწყებად, კომპანია ჯამში 40 მილიარდ ევროს ინვესტირებას გეგმავს.