ქათმის მწარმოებელი კომპანია ,,ჩირინა“ ბიზნესის ახალი სეგმენტის ათვისებას გეგმავს და ,,ბიუ-ბიუს“ ბრენდით სოსისებს და ძეხვეულს გამოუშვებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, რამდენიმე დღეში ახალი ქარხნის მშენებლობაც დაიწყება.
რევაზ ვაშაკიძის თქმით, ახალი ქარხანა სოფელ გამარჯვებაში არსებული ქარხნის მიმდენარე ტერიტორიაზე აშენდება. საუბარია, დამატებით 2 ჰექტარის ათვისებაზე. პროექტში კი 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ბაზარზე პროდუქცია უკვე 2019 წელს გამოჩნდება. ერთ ცვლაში წარმოება დაახლოებით 8 ტონა იქნება, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში კი გაორმაგდება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ვაშაკიძემ.
კითხვას, თუ რამდენად გაუწევს კონკურენციას სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ნახევარფაბრიკატებს „ჩირინას“ პროდუქცია, ვაშაკიძე ასე პასუხობს: „ჩვენ შევდივართ იმ სეგმენტში, რომელიც დღეს ბაზარზე თავისუფალია. ჩვენ გამოვუშვებთ სოსისებს და სხვა პროდუქციას უფრო მეტად ბავშვებისთვის და დიეტურს. ეს სეგმენტი კი თავისუფალია და ჩვენ ამ მის ათვისებას ვგეგმავთ. შესაბამისად, ბაზარზე კონკურენტი არ გვეყოლება“.
ამასთან, 2020 წლისთვის „ჩირინა“ უკვე დამატებით 14 ფერმას სართიჭალაში ააშენებს და ქათმის წარმოებას 40%-ით გაზრდის. ფერმა 20 ჰექტარზე გაშენდება. რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია თვეში 1200 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, სამომავლოდ, ეს რიცხვი 1700 ტონამდე გაიზრდება.
კომპანია „ჩირინა“ ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. მისი ბრენდი „ბიუ-ბიუ“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. ამჟამად კომპანიას საწარმოები აქვს მარტყოფში, სართიჭალასა და სოფელ გამარჯვებაში.