ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია, რადგან მისგან ქვეყანა სოლიდურ შემოსავალს იღებს.
ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, ცხადია, ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად მატულობს მათი რიცხვი, ვისაც საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ვიზიტორს საზღვრიდან იმ შემთხვევაში აბრუნებენ, თუ დოკუმენტაცია წესრიგში არა აქვს. ცნობილია, რომ 2017 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრიდან 7, 867 ადამიანი გააბრუნეს, მათგან 18% ინდოეთის და 9% ბანგლადეშის მოქალაქე იყო. როგორც წესი, უკან გაბრუნებული პირები ამტკიცებენ, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოში არ შემოუშვეს.
რატომ აბრუნებენ ტურისტებს საზღვრიდან, ამის თაობაზე ტურიზმის ადმინისტრაციაში ზუსტი პასუხი არა აქვთ. ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ საზღვრის დაცვის მუშაკების გადასაწყვეტია, ვის შემოუშვებენ ქვეყანაში და ვის - არა. ტურისტულ კომპანიებში კი აცხადებენ, რომ თითოეული უკან გაბრუნებული ადამიანის გამო სწორედ ისინი ზარალდებიან. როგორც „იბერია ტურს პლუსი“-ს ხელმძღვანელმა - მაია მურაჩაშვილმა გვითხრა, რამდენიმე თვის წინ ინდოელი ტურისტების 3 ჯგუფი გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან, რის გამოც მისი კომპანია სერიოზულად დაზარალდა:
მაია მურაჩაშვილი
-ჩვენმა კომპანიამ ამ პროცესის გამო სოლიდური ზარალი ნახა: რამდენიმე თვის წინ საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს ინდოელი მოქალაქეების სამი ჯგუფი. როდესაც ჩემი ტურისტების გამო პასუხი მოვითხოვე, მითხრეს, რომ მათი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა ვყოფილიყავი! სამივე ჯგუფში 70 ადამიანი იყო და 70 კაცის მინდობილი პირი როგორ ვიქნებოდი? მათ შორის იყვნენ ცნობილი ბრენდის - „თომას კუკის“ კლიენტები. არაერთი სახელმწიფო იხვეწება, რომ ეს კომპანია მათ ტერიტორიაზე შევიდეს. „თომას კუკი“ - ეს არის უდიდესი კონგლომერატი, რომელიც 150 წელია ამ სფეროში საქმიანობს. ეს კომპანია ტურიზმის მამამთავარია და ასეულობით ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს. მარტო „თომას კუკი“ შემოიყვანდა მომავალში ასეულობით ტურისტს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი კლიენტები უკან გააბრუნეს. რა თქმა უნდა, ინდურმა მედიამ ეს ფაქტები აქტიურად გააშუქა და ძალიან მწვავედ შეაფასა, ამას მოჰყვა დიდი გამოხმაურება და მოწოდებები - „აღარ წახვიდეთ საქართველოში“. ამის გამო ინდოელ ტურისტებს შორის საქართველოზე მოთხოვნა აღარ არის. შემოდიან ინდოეთის ის მოქალაქეები, რომლებიც დუბაის რეზიდენტები არიან, მაგრამ თავად ინდოეთიდან ტურისტები იშვიათად გვყავს და საკმაოდ კარგი ბაზარი დავკარგეთ.ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, უკან გაბრუნების მოტივად ბევრ მიზეზს ასახელებენ, თუმცა მათი უმრავლესობა რეალობას მოკლებულია:
-ამის მიზეზად ხშირად ასახელებენ ვალიდური ონლაინვიზების არარსებობას, არადა, უკან გაბრუნებულ ვიზიტორებს ონლაინვიზები წესრიგში აქვთ და ეს ვიზები გაცემულია ჩვეულებრივად - ონლაინრეჟიმში. ამბობენ იმასაც, რომ ტურისტები შეკითხვებზე სარწმუნო პასუხს ვერ სცემენ, მაგრამ რა სახის შეკითხვებს ვერ პასუხობენ, ჩემთვის ეს საკითხიც გაურკვეველია. ტურისტების უკან გაბრუნების რეალურ მიზეზს არავინ გვეუბნება, ამბობენ, რომ სასაზღვრო პოლიციამ ასე გადაწყვიტა. არადა, ისეთი ხალხი გააბრუნეს უკან, რომელსაც შენგენის, აშშ-ის და ინგლისის მოქმედი ვიზა ჰქონდა. ჩვენი კომპანიის კლიენტების მაგალითზე გეტყვით: მათ სრულ უმრავლესობას თანხა წინასწარ, 100 პროცენტით ჰქონდა გადახდილი და ამ თანხის უკან დაბრუნება მოგვიხდა. თავისთავად ცხადია, რომ ამის გამო მარტო ტურისტულმა ფირმებმა კი არ იზარალეს, მთელმა ტურისტულმა სექტორმა და ჩვენმა სახელმწიფომაც დიდი დანაკარგი ნახა.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი - ნატო კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ ვიზიტორთა უკან გაბრუნება არ არის მასობრივი პროცესი, მაგრამ ერთეულ შემთხვევებშიც ყურადღების გამოჩენა გვმართებს:
ნატო კვაჭანტირაძე -
ეს შეიძლება ერთეული ფაქტები იყოს და მხოლოდ კონკრეტული კომპანიების მაგალითზე ვისაუბროთ, მაგრამ ქვეყანაში შემოსულ თითოეულ ტურისტთან მაინც ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. სწორედ მათ გააქვთ აქედან დადებითი, ან უარყოფილთი ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის იმიჯზე ძალიან მოქმედებს. რა თქმა უნდა, ინდოელებიც შემოდიან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. ტურიზმი ძალიან ფაქიზი სფეროა და როცა ქვეყანაში სტუმარი შემოდის, თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა მოქალაქემ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს“ - ამბობს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.ხათუნა ჩიგოგიძე