მცხეთის მიწათსარგებლობის გენგეგმისთვის 1,8-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ხელისუფლება მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენისთვის 1,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა.  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გენგემის მომზადების თაობაზე ტენდერი მეორედ ცხადდება, რადგან პირველი დოკუმენტი მცხეთის საკრებულომ დაიწუნა. სატენდერო კომისიაში წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დარულდება. 

„2015-2016 წლებში დამუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავდა მხოლოდ თვითმმართველი ქალაქი მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიას, რომელშიც სრულად არ შედიოდა მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის აუცილებელი ისტორიული ლანდშაფტი, მათ შორის ჯვრის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რაც 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე დამტკიცდა როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ბუფერული ზონა, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციისის შემუშავების საპროექტო მომსახურების მიწოდება მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს - ხელშეკრულების გაფორმების დღიდან - 550 (ხუთას ორმოცდაათი) დღის ვადაში.

მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.

გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული

დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი- 2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნეს.

როგორც მაშინ ითქვა, მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. ასევე, პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.