საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმეში პრეზიდენტის კომპეტენცია იცვლება. “მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია. ერთ-ერთი ცვლილებით, საგამონაკლისო წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებას პრეზიდენტს აღარ წარუდგენს - ცვლილებების მიხედვით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
გარდა ამისა, მოქალაქეობის მინიჭების, შეწყვეტის, დაკარგვის წესი, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილებით განისაზღვრება.
“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.