ალბათ, გარკვეულ პერიოდში, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან, თუ რა ფენომენია ეს , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ფაქტია, რომ კრიპტოვალუტა გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, თუმცა ჯერჯერობით, ვერავინ დებს დასკვნას, რამდენად შეცვლის ის ფინანსური სისტემის ჩარჩოს.
„კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ვფიქრობ, ჩვენ რაც უნდა გაგვეკეთებინა და რაც გავაკეთეთ, არის ის, რაც ბევრმა ცენტრალურმა ბანკმა გააკეთა. აღვნიშნეთ ის რისკები, რაც დაკავშირებულია ზოგადად, კრიპტოვალუტებთან როგორც აქტივთან დაკავშირებით, რადგანაც მისი ფასი არის ძალიან მერყევი. ვინც არის ჩართული კრიპტოვალუტის შეძენით, მას უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება საკმაოდ დიდი სიურპრიზები ჰქონდეს. თუ შევხედავთ ფასის მერყეობას, დასამალიც არ არის როგორი მაღალი მერყეობა ჰქონდა კრიპტოვალუტას განსაკუთრებით გასულ წელს და წლევანდელ წელსაც. ალბათ, გარკვეულ პერიოდში, აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან თუ რა ფენომენია ეს. ის, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ხდება, ბლოკჩეინის გამოყენება ნამდვილად კარგია და ის, რომ გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, ესეც ფაქტია, მაგრამ რამდენად შეცვლის მთლიანად ჩარჩოს და დამოკიდებულებას, ჯერჯერობით, დამერწმუნეთ ვერც ერთი დიდი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსები აქვს გამოკვლევებთან და ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, ამაზე დასკვნას ვერ დებენ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.