კობა გვენეტაძე რომან გოცირიძეს - თუ სადმე ფული ახსენეს, ან საპროცენტო განაკვეთი - ეს მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ ეხება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ბოლოდროინდელი განცხადებების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კრიტიკას პასუხობს.

მისი თქმით, ფინანსური სისტემა არ არის მხოლოდ ის, რაც მხოლოდ ეროვნულ ბანკს ეხება.

„ბატონო რომან, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, როდესაც ფინანსურ სისტემაზე ვსაუბრობთ, ფინანსური სისტემა არ არის მხოლოდ ის, რაც მხოლოდ ეროვნულ ბანკს ეხება. ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი არასწორი გაგება, რომ თუ სიტყვაზე სადმე ფული ახსენეს, ან საპროცენტო განაკვეთი - ეს მხოლოდ ეროვნული ბანკია. ასე არ არის, ზოგადად, ეს არის ქვეყნის და ხელისუფლების ამოცანა და არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის. რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ფუნქციები და მთავრობას თავისი ფუნქციები ამ მიმართულებით.

მაგალითად, იგივე ლომბარდებთან დაკავშირებით, ჩვენთან საერთოდ არ შემოდის ეს მიმართულება და მთავრობას აქვს ინიციატივები, რომლის გაჟღერებაც ხდება და შემდგომ პარლამენტში მოტანა, ასე რომ, ამ მიმართულებით, ნამდვილად საჭიროა ერთობლივად მუშაობა თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის განხორციელების დროს. ეს არის ის ეკონომიკური გუნდი, რომელიც ერთად საუბრობს და განიხილავს საკითხებს, არის კონსულტაციები, ხდება შეჯერება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ მოგვეთხოვება და ჩვენს პასუხისმგებლობებშია და მთავრობა იმას, რაც მის პასუხისმგებლობებშია, მაგრამ საბოლოოდ, მიზანი არის ნამდვილად ერთი. თუ რაიმე ჩვენ გვაქვს კომენტარი ან წუხილი, ჩვენ კომუნიკაციას აუცილებლად ვაკეთებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო საყვედურობს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს ჰკითხა, - „რატომ აანონსებს ეროვნული ბანკის გასაკეთებელს ფინანსთა მინისტრი წინასწარ?“.

რომან გოცირიძის განცხადებით, მამუკა ბახტაძის ბოლოდროინდელი განცხადებები გავლენას ახდენს საფინანსო ბაზარზე და ნდობას უკარგავს მთლიანად ფინანსურ ინსტიტუტებს.