რა იცვლება ლომბარდებისა და კერძო მევახშეების სასარგებლოდ ქონების დაგირავების წესში

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივის თანახმად, იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ბახტაძემ უკვე მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

მისივე განცხადებით, მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი.

„ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა. აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე: ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით. აღნიშნულ სექტორში თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი!

ჭარბვალიანობა იყო და სამწუხაროდ დღემდე რჩება ერთ-ერთ მძიმე პრობლემად, რომელიც გაცდა ფინანსური ურთიერთობების სივრცეს და მძაფრი სოციალური განზომილება შეიძინა. აღნიშნული პრინციპები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უფრო მდგრადი დონის მიღწევასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში. დასახელებული რეფორმები ქვეყნის ეკონომიკაში გააჩენს მეტ ფულს, მეტი ფული ნიშნავს მეტ რეალურ ეკონომიკას, მეტი რეალური ეკონომიკა კი - მეტ დასაქმებულ ადამიანს,“-აღნიშნავს ბახტაძე.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ინიციატივების თანახმად, ფინანსური სექტორი მოქალაქეებს იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა სხვა ქონებას ვეღარ ჩამოართმევს. ამასთან, დაგეგმილია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი 100%-დან 50%-მდე შემცირდეს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან აღარ დაირიცხოს.