მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა და რუსეთმა გამოაცხადეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების გაზრდას აპირებენ, ნედლი ნავთობის ფასმა კლება დაიწყო.
და ეს იმის პარალელურად, როცა შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვება კვლავაც იზრდება.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობი 75.39 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვის ფასზე 1.05 დოლარით ნაკლებია. უფრო მეტიც, დღის განმავლობაში, ფასი 74.49 დოლარამდეც კი იყო შემცირებული, რაც ბოლო სამი კვირის მინიმალური მაჩვენებელია.
აშშ-ის დასავლეთ ტექსასური მარკის (WTI) ბარელის ფასი 1.03 დოლარით, 66.85 დოლარამდე შემცირდა, თუმცა დღის განმავლობაში ფასი 65.80 დოლარზეც კი ჩამოვიდა, რაც ბოლო ექვსი კვირის მინიმალური დონეა. ამ ორი მარკის ფასებს შორის სხვაობამ 9.38 დოლარს მიაღწია, რაც 2015 წლის მარტის შემდეგ უდიდესი სხვაობაა.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და სხვა არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, მათ შორის ადრე მიღწეული შეთანხმებით, ბაზარზე ყოველდღიურ მიწოდებას 1.8 მილიონი ბარელით ზღუდავენ. ამან ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დარღვეული ბალანსი აღადგინა, რასაც ნედლეულზე ფასების ზრდა მოჰყვა. არადა, 2016 წელს ნავთობის ფასი 30 დოლარსაც კი ჩამოსცდა.
ფასების ზრდის მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი და ინვესტორი ხაზს უსვამდა, რომ ნავთობის მარაგები (საზღვაოც კი) გადავსებულია, რასაც ფასების კლება უნდა მოჰყოლოდა. პარალელურად, ნავთობზე მაღალ ფასებს, ეკონომიკების განვითარების შეფერხება და ინფლაციის ზრდის შენელების გამოწვევა შეუძლია.
იმავდროულად, ირანთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შესაძლებელია ბაზარზე მიწოდების კლება. ამის დასაბალანსებლად, საუდის არაბეთმა, რომელიც OPEC-ის აღიარებული ლიდერია, გამოთქვა იმის მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიწოდებას გაზრდის. იმავეს აცხადებს რუსეთიც, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია.
შეერთებულ შტატებში კი მოპოვება სულ უფრო იზრდება. ამ სფეროში მომუშავე კომპანიებმა, გასულ კვირაში 15 ახალი ჭაბურღილი დადგეს, რის შემდეგაც, ქვეყანაში მათი რიცხვი 859-მდე გაიზარდა. ეს კი 2015 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამერიკაში ნავთობის დღიური მოპოვება 10.73 მილიონ ბარელამდე არის გაზრდილი. ცნობისათვის, რუსეთის შესაბამისი მაჩვენებელი 11 მილიონი ბარელია.