საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენლებთან ერთად, დღეს საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე მშობლებს ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც ორგანიზაციიდან ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” იუწყებიან, ეკა ბესელია და ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წევრები დღეს “საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს” ეწვევიან, სადაც მშობლებს ინფორმაციას მიაწვდიან საბავშვო სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე და ახალშობილებს სამგზავრო სავარძლებს საჩუქრად გადასცემენ.

შეხვედრა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისის საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით “ალიანსის” მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან, მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს.

საერთაშორისო გამოცდილებით სამგზავრო სავარძელი 40-60%-ით იცავს ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებისა და ფატალური შემთხვევისგან. მსოფლიოს მასშტაბით 85 ქვეყანაში საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება კანონით სავალდებულოა.

ევროპული კანონმდებლობით, 150 სმ-მდე სიმაღლის მოზარდისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს 0-16 წლამდე მოზარდების გარდაცვალების შემთხვევები 2016 წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.