მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენ შიდა გრძელვადიანი განვადების შემოღებას მაინც არ ვგეგმავთ - ასე ეხმაურება დეველოპერების ნაწილი ფინანსისტების მოსაზრებას, რომ კომერციული ბაკებისთვის სესხის გაცემაზე დაწესებული შეზღუდვები, მშენებლებს შიდა განვადებაზე გადასვლისკენ უბიძგებს.
როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას აცხადებენ, მომხმარებელებისთვის საბაკო სესხი უფრო ხელსაყრელია. რაც შეეხება შიდა განვადებას, გადახდის ვადის გაწერა მხოლოდ პროქტის დასრულებამდე შეუძლიათ, რაც მაქსიმუმ 2-3 წელს გულისხმობს.
ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ, უკვე 3 კვირაა ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მაგალითად, თუ მოქალაქეს ბინის შეძენა სურს, ბანკი მას თანხის 50%-ზე მეტს ვეღარ მისცემს, იქამდე ვიდრე არ დაადგენს, რამდენად აქვს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს ყოველთვიური თანხის გადახდის.
დეველოპერები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ რეგულაციები ნეგატიურად აისახება მათ ბიზნესზე, რადგან მყიდველების 40-45% სწორედ საბანკო სესხით სარგებლობს, მათ უმრავლესობას კი, ფიქსირებული ხელფასი არ აქვს და შემოსავლის სხვა წყარო გააჩნია.
აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ მშენებლებს შიდა გრძელვადიან განვადებაზე გადასვლა მოუწევთ. თუმცა, მოსაზრებას თავად დეველოპერები არ იზიარებენ.
მათი თქმით, შიდა განვადება მაქსიმუმ პროექტის დასრულებამდე შეიძლება მოქმედებდეს, რადგან კომპანიებს მეტი რესურსი არ აქვს.
„ჩემი პოზიცია ამ რეგულაციასთან დაგკავშრებით უკვე დავაფიქსირე და ვთქვი, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევდა. თუმცა, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენ შიდა გრძელვადიანი განვადების შემოღებას მაინც არ ვგეგმავთ “,-აცხადებს სამშენელო კომპანია „ივერიონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი.
„რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ მათ კომპანიას შიდა განვადების მიმართულება აქვს, თუმცა ვადის გაზრდა არ იგეგმება.
„შიდა განვადებები ჩვენ მანამდეც გვქონდა და ახლაც გვაქვს. ეს გაყიდვების ერთ- ერთი მიმართულებაა, რომელიც მუშაობს. თუმცა, რაც შეეხება გრძელვადიანს, მაგალითად 10-წლიანს, უბრალოდ ვერ ვერ გავაკეთებთ. ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ, პროექტის დასრულებამდე, ანუ, დაახლოებით, 2 - 3 წელიწადი. ბანკის სესხი უკეთესია მომხმარებლისთვის. რადგან ეს ის კონტინგენტია, რომელიც 3 წელში თანხას ვერ დაფარავს და 10 წლიანი სესხი მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. ჩვენ ასეთი ტიპის შიდა განვადების გაკეთება ნამდვილად არ შეგვიძლია “,-აცხადებს მალხაზ კუნელაური.
„ჯი დი ჯი“-ს დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ასევე აცხადებს, რომ კომპანია შიდა გრძელვადიანი განვადების მიმართულებით არ მუშაობს.
ნინი ქეთელაური