როგორ შეიძლება განვითარდეს თბილისში გობრონიძის "მოედანი" - მოქალაქის იდეა მერიას (+ფოტო)

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 119 მიმდინარე, 146 დაბლოკილი, 424 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 10 იდეა კი განხილვის პროცესშია. მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში გლდანში მოსასვენებელი სარეკრეაციო ადგილის მოწყობას ითხოვს. კერძოდ, საუბარია, გლდანისა და მუხიანის გადაკვეთაზე მეტროსთან ახლოს მდებარე გობრონიძის "მოედანზე", რომელიც 2500 კვადრატზე მეტი გამწვანებული/გასამწვანებელი არეალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ მოედანს ირგვლივ უვლის საავტომობილო გზები, ის მაინც აქტიურად არის დატვირთული ფეხით მოსიარულეების მიერ. ავტომობილების მოძრაობა აქ ბუნებრივად შენელებულია და თავისუფლად არის შესაძებელი მოედანზე ფეხით მოხვედრა. ყოველდღიურად აქ ალბათ 100 000 -მდე ადამიანი გაივლის, გლდანის კენტი მიკროებიდან და მუხიანიდან. იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყოს სკვერი - გამწვანება, განთავსდეს სკამები და მის შუაგულსა პერიმეტრზე შადრევნები გაკეთდეს,“ - აღნიშნულია იდეის ავტორის მიერ წარდგენილ წინადადებაში.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა.

bpn bpn bpn bpn