ჩემთვის გაუგებარია, რომ მაინცდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს სასტუმროს აშენება , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შესაძლო მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს და მმართველი გუნდი სამართლებრივ სივრცეში რევიზიას ვერ დაიწყებს.
გეგიძის თქმით, ფრაქციას „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა ჯანსაღი სივრცეების შესახებ, რომლის მიხედვითაც სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიები მომავალში ერთ სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს და მსგავსი მშენებლობებისგან დაცული იქნას.
„ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით იყო სამართლებრივი დავა. ჩვენ სამართლებრივ სივრცეში რევიზიას ვერ დავიწყებთ. ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, მაინცდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს, რომ ააშენო სახლი, სასტუმრო, კომერციული ობიექტი და ა.შ. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენ ავსახეთ საკანონმდებლო ინიციატივაში“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას ხელახლა დაავალა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა.