ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მომზადების ნაცვლად, საქართველო უფრო მეტს მოიგებს, თუ საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს.
“რადგან საქართველოსთან ვაჭრობა ამერიკის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მცირე ნაწილია, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს. მეტიც, ამ ეტაპზე ამერიკელები ძალიან დაკავებულები არიან ისეთი საკითხებით, რომელიც ჩინეთთან ვაჭრობას, ან ჩრდილოეთი ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ეხება. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მომზადების ნაცვლად, საქართველო უფრო მეტს მოიგებს, თუ საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს ისეთ სფეროებში გადადგმული გონივრული ნაბიჯებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებს, ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ეკონომიკური გადმოსახედიდან, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტური ბაზარი, რომ ხალხმა იყიდოს ან გაყიდოს მიწა, ან სესხის ასაღებად დააგირავოს ის.
“მსესხებელთა მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ბანკებს მიწის დროულად დაუფლების საშუალება მიეცეთ. ეფექტური, დეპოლიტიზირებული მიწის ბაზრის არარსებობა კორუფციას ახალისებს და საინვესტიციო გარემოს აფერხებს. ასევე შეიძლება დარჩენილი სახელმწიფო საწარმოების გაყიდვა, რაც ქართული ეკონომიკის ეფექტურობას შეუწყობდა ხელს და კორუფციის კერებს აღმოფხვრიდა“, - აღნიშნა მან.