ვაშინგტონი ჩინეთთან მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, რომელმაც უნდა აღმოფხვრას ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან, მრავალწლიანი კონტრაქტების გაფორმებას ითხოვს, რომლის მიხედვით აშშ ჩინეთს სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ენერგომატარებლებს მიაწვდის.
როგორც The Financial Times წერს, ამ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ჩინეთმა შესაძლოა, შეამციროს შესყიდვები ამერიკის მოკავშირე ქვეყნებიდან - ევროკავშირიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან და არგენტინიდან.
მიმდინარე კვირას ამერიკის ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ეწვევა. როგორც მოსალოდნელია, ის ჩინურ მხარესთან განიხილავს იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელსაც ჩინეთი ამ დროისთვის სხვა ქვეყნებისგან ყიდულობს, თუმცა შეუძლია ის შეიძინოს ამერიკისგან. ცოტა ხნით ადრე პეკინში გაგზავნილ ჩამონათვალში კი ეწერა ნავთობი, ნავთობპროდუქტები, გათხევადებული ბუნებრივი აირი, საქონლისა და ფრინველის ხორცი და სოიოს მარცვალი.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ამერიკა ჩინეთისგან მოითხოვს გრძელვადიან კონტრაქტებს თითეული პროდუქციისთვის, რათა შემცირდეს ორივე ქვეყანას შორის სავაჭრო საკითხებში წნეხი. როგორც გამოცემა დასძენს, ჩინეთს ნაკლებად ექნება შესაძლებლობა უარი თქვას ამერიკულ პროდუქციაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მისთვის არასასიამოვნო საკითხებზე არასასურველი შედეგი მიიღოს, მათ შორის ტაივანის აღიარების საკითხთან დაკავშირებით.
ამერიკელი მომლაპარაკებლები ასევე აპირებენ მიაღწიონ ჩინეთის მხრიდან დაწესებული კვოტების მოხსნას ფრინველის ხორცზე, რომელიც ჩინეთმა ქათმის გრიპის ეპიდემიის თავიდან აცილების მიზეზით დააწესა. ვაშინგტონის აზრით, ეს შეზღუდვა დისკრიმინაციულია.
ექსპერტების აზრით, მსგავსი ბარიერების მოხსნა ჩინეთში ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს გააორმაგებს. ცნობისათვის, გასულ წელს ამერიკამ ჩინეთში 19,6 მილიარდის სოფლის მეურნეობის ექსპორტი განახორციელა.
მეორეს მხრივ, ამერიკის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი აცხადებდა, რომ შესაძლებელია ამერიკამ ჩინეთში ენეგომატარებლების ექსპორტი 50-60 მილიარდი დოლარით გაზარდოს, რაც მიმდინარე მაჩვენებელზე 1,5-ჯერ მეტია. გასულ წელს ამერიკიდან ჩინეთში 130,4 მილიარდის ენერგორესურსების ექსპორტი განხორციელდა.
გარდა ამისა, აშშ ცდილობს სხვა გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევას, მათ შორის რეფორმას ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონში და ცვლილებას სტრატეგიაში „დამზადებულია ჩინეთში 2025“, რომლის თანახმად, ჩინეთს სურს გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი 10 სხვადასხვა დარგში. ამერიკელების განცხადებით მასშტაბური ცვლილებების მიღწევა შეუძლებელი იქნება ჩინეთის მხრიდან მსგავს დათმობებზე არწასვლის შემთხვევაში.
კოკა კვირკველია