საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ახორციელებდა ლიმონათის წარმოებას, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს - შეცვლილია თვისობრიობა. შესაბამისად, პროდუქცია ფალსიფიცირებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი და ტარა.

გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 197-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.