საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი თვალში საცემად მატულობს.
ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელის ღირებულება უკვე 5.53 დოლარია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, შარშან აგვისტოს შემდეგ ასეთი მაღალი ფასი არ დაფიქსირებულა, ბოლო ორ თვეში კი ხორბალი 20%-ით გაძვირდა. საქართველოშიც ფასი მაღლა დაიძრა. დღესდღეობით ერთი ტომარა ფქვილის ფასი 38 ლარის ფარგლებშია.
ხორბლისა და ფქვილის მხრივ ადგილობრივ ბაზარზე სახარბიელო ვითარება არ არის, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემებთან გამკლავება შეიძლება. გაურკვევლობას მხოლოდ მარცვლეული არ ქმნის. ქვეყანაში ძვირდება საწვავი, მერყეობს ვალუტა, მეხორბლეებს დამატებითი გადასახადი დაუწესდათ. მიუხედავად ამისა, მეპურეთა ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ პურპროდუქტების სარეალიზაციო ფასი არ მოიმატებს.
ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ ის რეკორდული მოსავალი, რომელიც მსოფლიოში იყო შარშან და შარშანწინ, წელს აღარ განმეორდება. ამიტომაც ფასი უკვე მაღლა დაიძრა. მიუხედავად ამისა, რუსული ხორბლის დაბალი ფასი განაპირობებს იმას, რომ პურპროდუქტები ამ ეტაპზე არ გაძვირდება. ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია და, აქედან გამომდინარე, კონკურენტული ფასით ხდება ფქვილის რეალიზაციაც.
"მსოფლიო ბირჟის ტენდენცია მართლაც გაძვირებისკენაა. მარცვლეულზე ისეთი ფასი აღარ არის როგორც იყო წლების წინ და თანდათან მატულობს ღირებულება. ეს თავისთავად არის მთავარი ფაქტორი, რაც მოქმედებს ბაზარზე. გარკვეულ სტაბილურობას გვიქმნის მოსავლის აღების პროცესი, რომელიც რუსეთში 15 დღეში დაიწყება. ის ჩვენი ძირითადი მომწოდებელია უკრაინასთან ერთად. ამან შეიძლება, წნეხი შეამციროს ფასზე იმ რეგიონში, საიდანაც ჩვენ ვმარაგდებით.
ის რეკორდული მოსავალი, რომელიც მსოფლიოში იყო შარშან და შარშანწინ, წელს აღარ განმეორდება. კონკურენცია საკმაოდ დიდია და, აქედან გამომდინარე, კონკურენტული ფასით ხდება ფქვილის რეალიზაცია ბაზარზე.
მალე დაიწყება ხორბლის აღება საქართველოშიც და ამან ფასი უნდა დაასტაბილუროს. გარკვეული გარდამვალი მარაგიც ყოველთვის არის. ჩამოყალიბებულ საფასო ტენდენციას ვერ განვიხილავთ. შეიძლება, გაძვირებისკენ წავიდეს ადგილბრივ ბაზარზე და შეიძლება, პირიქითაც მოხდეს. 1 ტომარა 34-37 ლარის ფარგლებში ისედაც იყო (პირველი ხარისხის ფქვილზე მაქვს საუბარი), რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. დღესაც თითქმის იგივეა, უბრალოდ, ქვედა ზღვარმა აიწია. ახლა 1 ტომარა დაახლოებით 36-38 ლარის ფარგლებშია.
ჯერჯერობით წისქვილკომბინატებს არ გაუძვირებიათ იქიდან გამომდინარე, რომ ქვედა ზღვარმა აიწია. დიდმა წისქვილკომბინატებმა 37-38 ლარის ფარგლებში დატოვეს ფასი. ყველაფერი ზუსტად 2-3 კვირაში გვეცოდინება", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგავამ და იქვე აღნიშნა, რომ ლარის კურსის მერყეობა, საწვავის ფასი და სხვა მსგავსი ფაქტორები, რომელიც ბოლო დროს მომრავლდა, ეჭვის საფუძველს მაინც ტოვებს.
"მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსი იმიტომ, რომ ჩვენ დოლარით შემოგვაქვს პროდუქტი და ეს ფაქტორი ძალიან საყურადღებოა. ხორბლის ფასი, ლარის კურსის მერყეობა, ძვირი ტრანსპორტი, ეს ყველა ფაქტორი მოქმედებს შემდგომ პროდუქტის თვითღირებულებაზე", - აცხადებს სილაგავა.
პურპროდუქტების გაძვირებას არ ელოდება მეპურეთა ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით არ აისახება და გაძვირების არანაირი ნიშანი არ იკვეთება.
"ადგილობრივ ბაზარზე 2 ლარით მოიმატა 1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ საბაჟო ცვლილებების შემდეგ და მას მერე ფასი არ შეცვლილა. პროდუქციის თვითღირებულებაზე თუ იმოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ამჟამინდელი ფასი, არ ვიცი. მე მაინც მგონია, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით არ აისახება.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"