წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5 პროცენტი, ხოლო 1-ლი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22,1%-ით გაიზარდა და 3 783,2 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი - 961,4 მლნ დოლარი; იმპორტი კი - 2 821,8 მლნ ამერიკული დოლარი იყო.
ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა (ერთეული) აპრილში 4 037 იყო, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ კი 5 543,7 მლნ დოლარი შეადგინა.