აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა - ეს არის სწორედ ის შედეგი, რომლისკენაც მივდივართ , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის შესახებ და აპრილის თვეში ეს მონაცემემი 6,5% გამოვიდა.
„ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელი შედეგისკენაც ჩვენ მივდივართ და ნამდვილად სასიხარულია 6,5%-იანი ზრდა აპრილის თვეში. მინდა გავიხსენო დინამიკა 2018 წელს. ჩვენ იანვარში გვქონდა 4,4%-იანი ზრდა, თებერვალში - 5,5%, მარტში - 5,6%, ხოლო აპრილში ზრდა უკვე 6,5%-ზე ავიდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, წარმმართველი არის კერძო სექტორი, სადაც მხოლოდ აპრილში ბრუნვა წინა წლის ანოლოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაზრდილია, რაც კერძო სექტორში აქტიურობაზე მეტყველებს. მისივე ინფორმაციით, 4 037 ახალი საწარმო არის დარეგისტრირებული.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 27,5%-ით არის გაზრდილი ტურიზმიდან შემოსავალი. რაც შეეხება წმინდა ფულად გზავნილებს, იგი 16,7%-ით არის გაზრდილი.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს თავის რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდისკენ. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმები, მათ შორის, საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ“, - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.