"მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მშპ-ს პოტენციური დონის ზრდას"

მაჩვენებლები, რომელიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, არის იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების შედეგი, რომლებსაც პოზიტიური გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდაზე და დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.

„რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შემოღების შესახებ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნული მექანიზმის სქემაზე და გარწმუნებთ, რომ ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, „საქსტატმა“ დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც, წინასწარი შეფასებით, აპრილის თვეში 6.5 %-იანი ზრდა დაფიქსირდა და ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2018 წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.