2018 წლის სექტემბერში ამერიკული კომპანია Apple სამი ახალი სმარტფონის წარმოდგენას გეგმავს.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ორ მათგანში კომპანია დაიწყებს OLED-ეკრანის გამოყენებას და მხოლოდ მესამე შეინარჩუნებს ამჟამინდელ LCD-ეკრანს. თუმცა როგორც გამოცემა Phone Arena წერს, კომპანია დიდი ალბათობით ამ მესამე სმარტფონშიც არ გამოიყენებს LCD-ეკრანს და სრულიად გადავა OLED-ზე.
ახალ iPhone-ბში ამ ტიპის ეკრანების დანერგვის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ნეგატიური გავლენა იქონია Apple-ისთვის LCD ეკრანების მიმწოდებელი კომპანიის Japan Display Inc-ის აქციების ფასზე და ის გუშინ 10%-ით გაუფასურდა, მაშინ, როცა Apple-ისთვის OLED ეკრანის მიმწოდებელი კომპანია LG Display-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ტექნო-გიგანტი კომპანია მუშაობს საკუთარ ინოვაციურ ეკრანზე MicroLED-ზე, რომელზეც მუშაობა კომპანიის სათავო ოფისთან ახლოს კალიფორნიაში მიმდინარეობს და რომლის შემუშავებაზეც დიდი ოდენობის თანხა უკვე დახარჯა. ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული დისპლეები ბევრად უფრო თხელი და მკაფიო იქნება, ვიდრე ამჟამად ბაზარზე არსბეული OLED დისპლეები. გარდა ამისა, ისინი ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.
კოკა კვირკველია