ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის თანამედროვე ბესტსელერი „გიკი გოგო“ ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა.
საყვარელი წიგნის მოლოდინში რამდენჯერმე დააყენა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. სულ ახლახან ითარგმნა წიგნის მეხუთე ნაწილიც, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც 1 ივნისს „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება. საქართველოსთვის ახალი წიგნების საინტერესო პრეზენტაციები უცხო აღარ არის, თუმცა უცხოური ლიტერატურის ქართული თარგმანის წარდგენა თავად ავტორის მიერ ნამდვილად სიახლეა.
ჰოლი სმეილმა პირველი ნაწარმოები 2013 წელს დაწერა, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოყვა მოზარდების მხრიდან. მალე „გიკი გოგო“ ბრიტანეთის #1 ბესტსელერი გახდა. ავტორი და მისი გამომცემელი HarperCollins უამრავ წერილს იღებდა მოზარდებისგან, რომლებიც წერდნენ, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათი ცხოვრება შეიცვალა. ნელ-ნელა ისწავლეს ურთიერთობები და საკითხებს განსხვავებულად შეხედეს. ბრიტანეთში მოპოვებული აღიარების შემდეგ წიგნი მალე მსოფლიო ბესტსელერადაც იქცა. გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლარი. ითარგმნა 23 ენაზე. ჰოლის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილდოები.
1 ივნისს გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ მას, დაუსვან კითხვები, შეიძინონ „გიკი გოგოს“ უახლესი ნაწილი და მიიღონ ავტოგრაფები.
შეხვედრა გაიმართება თბილისში, კანდელაკის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“. პრეზენტაცია 19:00 საათზე დაიწყება და მას მოდერატორობას დათო ტურაშვილი გაუწევს.