„ფიშინგი“ არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანი თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებაა.
„თიბისი ბანკი“ მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ - თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან.
როგორც ბანკის მიერ მომხმარებლებთან დაგზავნილ შეტყობინებაშია აღნიშნული, კიბერთაღლითები აყალბებენ კომპანიების ვებ გვერდებს ან მოქალაქეებთან მათი სახელით აგზავნიან ელ-ფოსტას, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანონ პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ძირითადად კომუნიკაცია კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება.
„იმისთვის რომ აღნიშნული თაღლითობისგან თავი დავიცვათ: არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე; ნუ ენდობით მეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით; პირადი ინფორმაციის, მაგალითად ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით დაცულ გვერდზე. დაცული გვერდი იწყება ასე -https:// და აქვს ბოქლომის ნიშანი; გადაამოწმეთ ვებ-გვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებ-გვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო; არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. სასწრაფოობა ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე; გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეცდომებს შეიცავს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა.
კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოგატყუოთ. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას,“-აღნიშნულია შეტყობინებაში.