გერმანული გამოცემა „შპიგელი“ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბრის თემა საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას, ქართველების მიერ ევროპაში ჩადენილი კრიმინალის დონესა და სტატისტიკურ მონაცემებს შეეხება. გიორგი გახარია აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს უდიდესი მონაპოვარია, რომლის შენარჩუნება და მდგრადობაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
„2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის 21 მაისის მდგომარეობით, უშუალოდ საქართველოდან, მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის მიმართულებით საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ 300 000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა. მითითებულ პერიოდში, კონკრეტულად გერმანიაში საქართველოს 66 091 მოქალაქემ განახორციელა 86 304 ვიზიტი. რეალურად სხვადასხვა მარშრუტებით ევროპაში შესულ მგზავრთა ნაკადი ბევრად აღემატება ამ მონაცემს. უფრო მეტიც, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ციფრებთან შედარებით არის ძალზედ უმნიშვნელო. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე ყველა წესის დაცვით სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და იღებს ყველა სარგებელს, რაც უვიზო რეჟიმს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს გიორგი გახარია.
რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა ტალღას, რომელიც ერთგვარ კრიტიკასაც კი იწვევს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოდან შენგენის ქვეყნებში შესვლის და დარჩენის მსურველთა რაოდენობის ზრდა არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან მსგავსი ტენდენცია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ფიქსირდება. გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი წელი არის კრიტიკული ფაზა - პირველი ტალღა, რომელსაც, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, კლების ტენდენცია მოჰყვება. აღნიშნული პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა საქართველოს შემთხვევაშიც. მისი თქმით, 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის კლება და იანვართან შედარებით აპრილში 58%-ით ნაკლები განაცხადი არის დაფიქსირებული. რაც შეეხება კრიმინალს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში დანაშაულში მხილებული პირების თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ბინის ქურდობის რიცხვი შემცირებულია.
„მე ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა მედიასა თუ პოლიტიკურ სპექტრში, ცოტა გადაჭარბებულია. გერმანიის პოლიციის კრიმინალური სტატისტიკა სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა და ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რომ 2016 და 2017 წლებში დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს. ჩვენ მტკივნეულად განვიცდით თითოეულ შემთხვევას და არ ვაკნინებთ ფაქტებს, თუმცა მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს“, - აცხადებს გიორგი გახარია.
ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეზღუდა და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები. ასევე, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით იგეგმება ატაშეების ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს ახალი ატაშეების წარგზავნას და რიგ შემთხვევებში, ერთი ატაშეს მიერ რამდენიმე ქვეყნის გადაფარვას. უახლოეს პერიოდში წარვგზავნით საქართველოს პირველ მეკავშირე ოფიცერს ევროპოლში“, - აცხადებს გიორგი გახარია.