გამოკითხულთა უმეტესი ნაწილის აზრით, საქართველოში მთავარ პრობლემას უმუშევრობა და ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მთავარ პრობლემად ქვეყანაში უმუშევრობასა და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 40% მთავარ პრობლემად ქვეყანაში უმუშევრობას; 23%-კი ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. მესამე ადგილზე კი ტერიტორიული მთლიანობაა, რომელსაც ქვეყნის მთავარ პრობლემად გამოკითხულ მოქალაქეთა 10% მიიჩნევს.

ამასთან, 3%-ის შეფასებით მთავარი პრობლემა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობაა; ხოლო 1-1%-ის აზრით, დაბალი პენსია, მიგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა და დაბალი ხელფასებია.

კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.