სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანში ყურძნისა და სხვადასხვა ხილის კონცენტრატის საწარმოს აშენება იგეგმება.
ინვესტორი საწარმოს ასაშენებლად და საქმიანობის დასაწყებად 967 692 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 40 რეგიონში ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. საწარმო ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებული ლაბორატორიით იქნება აღჭურვილი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ გურჯაანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9 884 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები შპს „ჯიემ სვით ენდ დრინქსს“ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 358 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით ჯამში 14 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.