Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაკვეთით მომზადებული 30 წამიანი ვიდეორგოლი Euronews-ის ეთერით კვირაში 28 ჯერ იტრიალებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, კამპანია 12 კვირა გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, სარეკლამო რგოლის პარალელურად ზაფხულის ტურისტული კამპანიის ფარგლებში Euronews საქართველოს შესახებ უსასყიდლოდ ამზადებს რეპორტაჟების ციკლს:

Adventures – 3 სიუჟეტი, აქედან ერთი სიუჟეტი დაეთმო ოკაცეს კანიონს, მეორე გუდაურს, მესამე კი კურორტ გოდერძის; Postcards – 6 სიუჟეტი; Taste - 3 წუთიანი რეპორტაჟი ქართულ კერძზე; Cult - 3 წუთიანი რეპორტაჟი კულტურულ ღონისძიებაზე, სიუჟეტები Euronews-ის ეთერით მრავალჯერ გადაიცემა.

სატელევიზიო ეთერის გარდა რეპორტაჟები Euronews.com-ზე აიტვირთება. სიუჟეტის განთავსებიდან 7 დღის მანძილზე ყველა სარეკლამო სივრცე საქართველოს რეკლამას დაეთმობა.

Euronews 12 ენაზე მაუწყებლობს და მსოფლიოს 166 ქვეყანაში 430 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.