საქართველოს „საპარტნიორო ფონდი“ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.
როგორც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა აცხადებს, ფონდი ძალიან ამაყობს იმით, რომ K-Water-ის მსგავსი პარტნიორები ჰყავს.
„ეს არის მეგაკომპანია, რომელზეც კორეაში ელექტროენერგიის მიწოდების 60% მოდის. K-Water-ს 20 მილიარდი აშშ დოლარის აქტივები და ძალიან მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვს. თუმცა საქმე მხოლოდ ეს არ არის. ეს ძალიან ძველი, ტრადიციული კომპანიაა, რომელიც უკვე 50 წლის ხდება და წყლის ნაგებობების მშენებლობის მართვის უმდიდრესი ტრადიცია აქვს. პირველად ერთმანეთს 2013 წლის ბოლოს შევხვდით. კომპანიასთან მუშაობის პროცესში „ნენსკრას“ განვითარების პროექტის ლაიტმოტივი ყოველთვის უსაფრთხოების საკითხები იყო, იქნებოდა ეს ტექნიკური უსაფრთხოება თუ გარემოსდაცვითი. თავად „ნენსკრას“ პროექტი საქართველოსთვის უნიკალურია, ამიტომაც გამოცდილების ძალიან კარგ წყაროს წარმოადგენს. გარდა იმ სიკეთეებისა, რომელსაც ის ქვეყანას მოუტანს, ეს საინტერესო პროექტიცაა. ჩვენთვის ეს დიდი სკოლა იყო, რადგან, K-Water-ის გარდა, პროექტში იმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ვარსკვლავური ნაკრებიც მონაწილეობს, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს დღემდე BOT სტრუქტურა არ გამოუყენებია, მაშინ, როცა მსოფლიოში ეს უკვე საკმაოდ ფართოდ მიღებული ფორმაა. როგორც თურნავა აცხადებს, 36 წლის შემდეგ ჰესი სრულიად უფასოდ, გამართულ, მუშა მდგომარეობაში დაუბრუნდება საქართველოს სახელმწიფოს.
„სახელმწიფო ხედავს პერსპექტივას, რომ შემდეგი თაობა ამ დენს ისე მიიღებს, როგორც დღეს „ენგურისგან“ იღებს და შედეგად უფრო გაბედულად დაუჭერს მხარს ინვესტორს. რეალურად, სახელმწიფოს სიკეთე და ინტერესი აქ უფრო მაღალია“, – აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.
გარდა ამისა, თურნავას თქმით, მსგავსი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დადებით გავლენას ახდენს სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
„ჩვენ ერთობლივად შევეცადეთ, ეს გავლენა მხოლოდ პოზიტიური ყოფილიყო. ლოკაცია ისეა შერჩეული, რომ დასახლებულ პუნქტებს აცდენილია. ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტი სიკეთეს არა მარტო სამომავლოდ მოუტანს, არამედ უკვე მოაქვს. პროექტის პრიორიტეტია საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რაც კომერციულადაც მომგებიანია“, – აღნიშნა მან.
ამასთანავე, თურნავას თქმით, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, უსაფრთხოების გარეშე კი განვითარება ძალიან რთულია.
„ამ შემთხვევაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ძალიან მზარდია. საქართველოში ბევრი მცირე ელექტროსადგური ვითარდება, ბევრი ინვესტორი გვყავს, მაგრამ მცირე ჰიდროსადგურები ზამთარში ელექტროენერგიის მასობრივ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ჩვენი ენერგობაზარი, თუნდაც 2/3-ით, ერთ კონკრეტულ ჰიდროელექტროსადგურზე – „ენგურზეა“ დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ „ენგურმა“ რეაბილიტაცია გაიარა და მუშა მდგომარეობაშია, ის მაინც გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მისი მდებარეობაც საკმაოდ პრობლემურია. თუ უახლოეს 5-7 წელიწადში „ენგურს“ გვერდში არ ამოუდგა ისეთი ელექტროსადგური, როგორიც „ნენსკრაა“, შეიძლება, გარკვეული პრობლემები გაჩნდეს და იმპორტზეც მეტად გავხდეთ დამოკიდებულები“, – განმარტა მან.
ნათია თურნავას თქმით, „ნენსკრა“ „პირველი მერცხალია“ და რეალური კატალიზატორი იქნება სხვა მსხვილი სადგურებისთვის.
„ნენსკრას“, ალბათ, მოჰყვება „ხუდონი“, „ნამახვანი“, „ონის კასკადი“ და ქართულ ელექტროენერგეტიკას საფრთხე აღარ დაემუქრება“, – დასძინა მან.