ნავთობისა და გაზის კორპორაცია ჩინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ჩინური კორპორაცია China Tianchen Engineering Corporation საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლიან. შესწავლის ბოლოს, ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, რაც მოგვცემს ახალი საწარმოო მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA China Tianchen Engineering Corporation-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაი ჰეგენმა.
მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. ჩინურმა კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იგეგმება.