კომპანია Microsoft-ის მმართველს სატია ნადელას კომპანიის დამფუძნებლის ბილ გეითსის წინაშე ნამდვილად აქვს საამაყო, ვინაიდან ამ კომპანიას ასეთი მაღალი საბაზრო ღირებულება, 32-წლიანი ისტორიის განმავლობაში არასდროს არ ჰქონია.
როგორც CNN წერს, Microsoft-ის ღირებულება გუშინ 1%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის განმავლობაში 15%-იანი ზრდის შედეგად 760 მილიარდი დოლარი შეადგინა და მის უმთავრეს კონკურენტს Google-ს გაასწრო, რომლის საბაზრო ღირებულება 745 მილიარდი დოლარია. ამჟამად გეითსის კომპანია მხოლოდ 30 მილიარდით ჩამორჩება Amazon-ს, რომელიც ამ ჩამონათვალში მეორე ადგილზეა.
რაც შეეხება პირველ პოზიციას, რომელზეც Apple-ია, ის სავარაუდოდ, მიუღწეველი დარჩება Microsoft-ისთვის, ვინაიდან ამ გიგანტის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 920 მილიარდი დოლარია და დიდი ალბათობით, სწორედ ის გახდება მსოფლიო კომპანიების ისტორიაში პირველი, ვისი საბაზრო ფასიც 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
კოკა კვირკველია