მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.
Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ მიმოსვლას ახორციელებდა.