საქართველოში სამედიცინო ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება - რა მომსახურების მისაღებად ჩამოდიან უცხოელები

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღების მიზნით სულ 13 900 უცხოელი ჩამოვიდა, რაც 61,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2017 წლის პირველ კვარტალში სამედიცინო მომსახურებისთვის 8 600 უცხოელი ეწვია საქართველოს.

სამედიცინო მიზნით ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი შეფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე. მისი თქმით, ტურისტებში ყველაზე მოთხოვნადია სტომატოლოგია, კოსმეტოლოგია და პლასტიკური ქირურგია.

„სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ნამდვილად წინსვლაა. ამ კუთხით, ძირითადად სტომატოლოგიური, კოსმეტოლოგიური და პლასტიკური მიმართულებაა განვითარებული. შესაბამისად, ტურისტები სწორედ აღნიშნული მოსამსახურების მისაღებად ჩამოდიან ხოლმე. ამის მიზეზია ის, რომ ერთის მხრივ, რეგიონში ბევრად უფრო შეღავათიანი ფასები გვაქვს და მეორეს მხრივ, ფასთან მიმართებით, ხარისხიც მაღალია.

თუმცა, გარდა ამ სამედიცინო მომსახურებისა, ტურისტები გამაჯანსარებელი კურორტების გამოც ჩამოდიან, რომელიც ჩვენთან საკმაოდ ბევრია. იგივე, ბორჯომი, წყალტუბო და ა.შ.“,-აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მაია სიდამონიძე.

მისი თქმით, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ტურისტების ჩამოდინება, წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან, ვიზიტორების ძირითადი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდანაა.

რაც შეეხება საქართველოში ზოგადად სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ ქვეყანას ამის რესურსი აქვს. თუმცა, მიმართულება განვითარებას მოითხოვს.

„არიან ქვეყნები, რომელიც სამედიცინო ტურიზმიდან ძალიან დიდ შემოსავლებს იღებენ. ეს არის თურქეთი, ისრაელი და ა.შ. საქართველო მათ დონეზე რომ იყოს, ამისთვის პირველ რიგში სამედიცინო სფერო უნდა განვითარდეს. ვგულისხმობ, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ მომხმარებელში ნდობის გაზრდას. ჯერჯერობით, ტურისტებისთვის მოთხოვნადი ეს ორი-სამი მიმართულებაა. მთლიანად სამედიცინო მომსახურების პოპულარიზაციისთვის, თვითონ ქვეყნის შიგნით უნდა იყოს უმაღლეს დონეზე განვითრებული, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ხარისხობრივად და კადრების კუთხით“,-აღნიშნავს მაია სიდამონიძე.

საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრის „ISO დენტის“ დირექტორი ნუცა ზურაბიანი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში ბოლო 5 წელიწადში უცხოელი პაციენტების რაოდენობა 100%-ით გაზრდილია.

„ბოლო 5 წელია, რაც საქართველოში სამედიცინო მიზნით ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება. ამ შემთხვევაში, მე წარმოვადგენ სტომატოლოგიას და გეტყვით რომ, ჩვენთან ტურისტების ვიზიტი მთელი 100%-ითაა გაზრდილი. დღეს ადამიანები საქართველოში ჩამოდიან არა მხოლოდ დასათვალირებლად, არამედ პირის ღრუს მოსაწესრიგებლად და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად“,-აცხადებს ნუცა ზურაბიანი.

მისი თქმით, ვიზიტორების ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და ინგლისიდან არიან.

„ძირითადად ჩამოდიან საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ერაყიდან. ძალიან ბევრი ჩამოდის ამერიკიდან, მაგრამ მათი უმეტესობა არის არაამერიკელი, ემიგრანტი. ასევე ჩამოდიან ინგლისი. თუმცა, ადგილობრივი ინგლისელები დაახლოებით, 5% მოდის, დანარჩენი კი იქ მცხოვრები რუსები, სომხები და აზერბაიჯანელები არიან“,-აღნიშნავს ნუცა ზურაბიანი.

როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ტურისტები ძირითადად სარგებლობენ, სრული სტომატოლოგიური მომსხურებით, ყბა-სახის ასევე, პირის ღრუს ქირურგიით და ორთოპედიით.

„იკეთებენ ასევე იმპლანტაციას. ორთოდენტია ნაკლებად, რადგან პროცედურები 2-3 წელი გრძელდება და კლინიკაში თვეში ერთხელ მისვლას მოითხოვს, ამიტომ, ამაზე მოთხოვნა არ არის.“-აცხადებს ნუცა ზურაბიანი.

სტომატოლოგიური კლინიკაში „TL დენტი“ ასევე აცხადებენ, რომ თუკი 1-2 წლის წინ, მათ ტურისტები თითქმის არ სტუმრობდნენ, ბოლო პერიოდია, მათ აქტივობა ნამდვილად შეიმჩნევა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1-2 წლის წინ ტურისტების მხრიდან სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ჩვენთან მოთხოვნა არ იყო, ბოლო პერიოდია აქაც გამოჩდნენ. ჩვენთან ვიზიტორების ძირითადადი ნაწილი არაბები და რუსები არიან“,- აცხადებენ „TL დენტში“.

ნინი ქეთელაური