„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, მინსკში გამართული ბიზნეს ფორუმის „ბელორუსის რესპუბლიკა-შავი ზღვის ეკონომიკური თანამაშრომლობის ქვეყნების“ ფარგლებში, სამმხრივი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრები „საპარტნიორო ფონდის“, ადგილობრივი ბიზნეს წრეებისა და ფონდის მიერ ფორუმზე მიწვეულ პარტნიორ კომპანიებს შორის შედგა.
„საპარტნიორო ფონდის“ მოწვევით, მინსკის ბიზნეს-ფორუმზე ჩინელი, სინგაპურელი, კორეელი და ჰონკონგელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ სამმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა საუკუნის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში, ბელორუსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
„ბელორუსი ახალ პლატფორმად განიხილება აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნებისთვის. მოხარული ვარ, რომ საქართველო იმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ უმნიშვნელოვანეს პროექტში. ჩვენი ქვეყანა უკვე აღიარეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბიზნეს წრეებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე.
ბიზნეს ფორუმის მონაწილეებმა, ასევე, ბელორუსისა და ჩინეთის ინდუსტრიის პარკი მოინახულეს და ბელორუსის მთავრობის პატრონაჟით გამართული ინოვაციური წარმოების საერთაშორისო გამოფენა „ტექნოლოგია და ინოვაცია მრეწველობაში“ დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბელორუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით გამართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრები, ბელორუსის მთავრობისა და ადგილობრივი საქმიანი წრეების, უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.