ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნას იწყებს, - ამის შესახებ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტარტეგიის მიხედვით, რომელიც შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სრატეგია და სამოქმედო გეგმა ბათუმის საკრებულომ აპრილში მიიღო.
„დამტკიცდა მიკროავტობუსების ოპტიმიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსების რაოდენობა 480-დან 250-მდე მცირდება, რაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.
თბილისის მოედანზე მოეწყო პარკირების სივრცესთან ინტეგრირებული მგზავრთა გადასასხდომი კვანძი. ეს არის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის პირველი მუნიციპალური ზონა. პარალელურად იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელი და გამოყენებული იქნება მგზავრთა გადასასხდომი კვანძები. შედეგად, წინა წლებთან შედარებით, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტს გადაყვანილი ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი. ასევე მოქმედებს პარკირების საათობრივი გადახდის სისტემა.
ასევე, დაიწყება სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემომავალი მიკროავტობუსების მკაცრი ადმინისტრირება ბაგრატიონის ქუჩის გავლით ავტოსადგურში, რაც უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთავს“,-წერს კომახიძე.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე, გონიოსა და ქობულეთის მხრიდან, მოეწყობა რეგიონული ტერმინალები და ტურისტული პარკირების სივრცეები. ამასთან, გონიოს მხრიდან, სამრეწველო ზონაში უკვე გამოიყო ადგილი და დაიწყო რეგიონული ტერმინალის დეტალური პროექტირება.
„მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი მუნიციპალური ავტოტრანსპორტის პირველი ნაკადი აგვისტოში შემოვა, წლის ბოლომდე, საერთო ჯამში, ქალაქს დაემატება 40 ერთეული დაბალემისიური და ადაპტირებული ახალი ავტობუსი.
მიკროავტობუსებში, ისევე როგორც მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში, დაინერგება უკონტაქტო გადახდის სისტემა. ქალაქში 6 ადგილზე უკვე დამონტაჟდა შესაბამისი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ამ ბარათების მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი“,-წერს კომახიძე.
ამასთან, კომახიძის თქმით, ქალაქის ცენტრალური ქუჩებში პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის სისტემა დაინერგება, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. თუმცა, ტექნიკური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი უფრო ადრეულ ეტაპზე შემოღება.