ჩხოროწყუსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში ჯამში 24.3 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკას“ და შპს „კოლხი 2018”-ს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში და ოზურგეთში, სოფელ ანასეულში – ჯამში 24.3 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიტოვებული ჩაის პლანტაცია გადაეცა.
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 493.62 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. საინვესტიციო პირობების მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.